დავით უსუფაშვილი – არესტოვიჩის განცხადებაზე: მის მოსაზრებას, დაკვირვებას თუ გეგმას კატეგორიულად არ ვიზიარებ
“ნუ ველოდებით იმას, რომ მთელი მსოფლიო ან არესტოვიჩი ყოველთვის საქართველოს ინტერესიდან დაინახავენ ცხოვრებას”, – ასე გამოეხმაურა “ლელოს” წევრი, დავით უსუფაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას.
უსუფაშვილის თქმით, ის არესტოვიჩის მოსაზრებას არ იზიარებს.
“ეს ის შემთხვევაა, როდესაც მე მის მოსაზრებას, დაკვირვებას თუ გეგმას კატეგორიულად არ ვიზიარებ. მე მესმის, საიდან მოდის ასეთი აზრი. საქართველო 2 თვის განმავლობაში განუწყვეტელ დაბომბვის რეჟიმში რომ იყოს რუსეთიდან, ჩვენც გვექნებოდა იმის მოთხოვნილება, რომ მთელმა მსოფლიომ რაღაცა გააკეთოს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი გადმოსახედიდან და საქართველოს მხრიდან ახლა შეიარაღებული გზით რაიმეს კეთება აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით არის მიუღებელი და გამორიცხული.
ნუ ველოდებით იმას, რომ მთელი მსოფლიო ან არესტოვიჩი ყოველთვის საქართველოს ინტერესიდან დაინახავენ ცხოვრებას. ისინი თავიანთი ინტერესიდან ხედავენ, ეს არ არის ბოროტება, ეს არის სწორი მოვლენა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს“.