შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ნატო-ს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში და ქვეყნის პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

მხარეებმა, აგრეთვე, მიმოიხილეს რუსეთის აგრესია უკრაინაში და მისი მძიმე შედეგები რეგიონისთვის. ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს ნატოში გაწევრიანების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს მადრიდის სამიტზე აღიარებული იქნება საქართველოს პროგრესი.

ალიანსის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია. მისი თქმით, ნატო გააგრძელებს საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობასა და დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები