მეუფე ნიკოლოზი: სააკაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტს ვესაუბრე, ამბობს, რომ ხალხის ნებას გამოხატავს
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მოინახულა.
მისი თქმით, სააკაშვილი “ძალიან დასუსტებულია”.
“მე სულ ვამბობ, რომ არ არის სანდო ჩემი განცხადება, როგორც ექიმი – ვერ შევაფასებ, მაგრამ მაშინაც და ახლაც მომეჩვენა, რომ ძალიან დასუსტებულია. შესაბამისი მკურნალობა უნდა, სხვანაირად არ გამოვა. მე ერთი რამე შემიძლია, გითხრათ, რომ არსებობს ისეთი დაავადებები, რომლის მკურნალობა და რომლის გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში არ არის საკმარისი”, – უთხრა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ.
მან ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.
“მე მქონდა პრეზიდენტთანაც საუბარი ადრე ამ შეწყალებაზე, მისი აზრი მაინტერესებდა… საზოგადოებაში არის განსხვავებული აზრი შეწყალებასთან დაკავშირებით და პრეზიდენტმა მითხრა ასეთი რამ, რომ ის გამოხატავს ხალხის ნებას და არ შეუძლია, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობის რაღაც ნაწილს მოეწონება და რაღაცა ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელი იქნება… ჩემი აზრით, ასეთი რანგის ადამიანი განსაკუთრებულად უნდა იყოს განხილული”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.