შალვა პაპუაშვილი – ივანიშვილის აუდიოჩანაწერზე: რა ადასტურებს იმას, რომ ეს ჩანაწერი ავთენტურია? – არაფერი

ეს არის მთლიანად დეზინფორმაციული კამპანიის კონვეიერი საქართველოს სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანია არეულობა და ქვეყნის ომში ჩართვა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი youtube-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი, ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ.

პაპუაშვილის თქმით, ჩანაწერის ავთენტურობას არაფერი ამტკიცებს.

„მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ იმისთვის, რომ მოხდეს არეულობა ქვეყანაში, რათა საქართველო ჩათრეული იყოს ომში. ჩვენ გუშინ, ყველაზე კარგი რაც იყო, ვიზუალურადაც კი ვიხილეთ, როგორ მზადდება დეზინფორმაციული კამპანია. ე.წ. ჩანაწერების ჩვენებით, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც და ყურითაც ჩანს, რომ არის მონტაჟი, როგორ ხდება ამ თემის აქტუალიზება პარტიის, შემდეგ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მიერ, როგორ ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის, „სირცხვილიას“ მიერ ამის ქვეყნის გარეთ გატანა და ა.შ. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის არის სასწავლო მაგალითი როგორ მზადდება და შემდეგ როგორ ხორციელდება დეზინფორმაციული კამპანია.
ჩვენს ქვეყანაში არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სპეციალურ პროექტებს ახორციელებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის და დღეს, როდესაც რეგიონში გვაქვს ომი და საქართველოშიც არის რისკები, ეს ორგანიზაციები, სამწუხაროდ, არიან ჩუმად, როდესაც ასეთი სახის დეზინფორმაციული კამპანია წარმოებს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

რა ადასტურებს იმას, რომ ეს ჩანაწერი ავთენტურია? არაფერი. თუკი არის რაღაც საუბრები, ამას ფაქტებიც უნდა მოჰყვეს. არანაირი ფაქტი არ არსებობს. ჭორის გამავრცელებელმა უნდა ამტკიცოს, რომ ჭორი სიმართლეა და არა ჭორის ადრესატმა. ეს არის მთლიანად დეზინფორმაციული კამპანიის კონვეიერი საქართველოს სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანია არეულობა და ქვეყნის ომში ჩართვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები