გიული ალასანია – სააკაშვილზე: ვითხოვ დაუყოვნებლივ მის გაყვანას ამ ქვეყნიდან – იქნებ ისევ არის შანსი, რომ გადავარჩინოთ
ახლა ვითხოვ, როგორც ყოველთვის არაერთხელ, მის დაუყოვნებლივ გაყვანას ამ ქვეყნიდან და მოთავსებას შესაფერის კლინიკაში, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ რუსთავის ციხესთან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა დღეს უკვე ძალიან მძიმეა.
„შვიდი თვე იწურება, რაც ჩემი შვილი ჩამოვიდა. ამასობაში ჩვენ მოვიარეთ ყველა ციხე, რაც კი არსებობს საქართველოში. რუსთავის ციხე, რომელიც სხვათაშორის, მისი აშენებულია. ის ციხე, რომელიც გორში ასევე მისი აშენებული, ვითომ კლინიკა ჰქვია, გლდანზე უკვე აღარაფერს ვიტყვი. ეს ადამიანი უბრალოდ გვეცლება ხელიდან. რატომ? – იმიტომ, რომ 2008 წელს არ ჩააბარა ქვეყანა და ბევრი სხვა წარმატების გამო, რომლის მოწმე ჩვენ ყველა ვიყავით. მოგწონს, არ მოგწონს, იზიარებ, არ იზიარებ, ეს ხომ რეალობა იყო?! – ქვეყანა აშენდა, ქვეყანა მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი, რომელსაც არავინ იცნობდა. ძალიან ბევრი წარმატების მოწმე ვიყავით იმ წლებში და ახლა რას ვიღებთ და რისი მოწმეები ვართ, ყველა ძალიან კარგად ვხედავთ.
ახლა მე ვითხოვ, ისევე როგორც ყოველთვის, არაერთხელ, დაუყოვნებლივ მის გაყვანას ამ ქვეყნიდან ბოლოსდაბოლოს და მოთავსებას შესაფერის კლინიკაში, რომ იქნებ არის ისევ შანსი, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე. იმიტომ, რომ დღეს უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს ამ ადამიანს და ბოლოსდაბოლოს, ეს უნდა გაიგოს ყველამ. მე ძალიან მიკვირს ზოგიერთი ადამიანის გულუბრყვილობა, ხანდახან ისეთი ადამიანი გკითხავს – „უი მართლა? ეს როგორ მოხდა“. იმდენად ყოვლისშემძლე და სასწაულმოქმედი ჰგონიათ, საერთოდ ფიქრობენ, რომ უკვდავია და მას არაფერი შეეხება. სამწუხაროდ, დღეს ასე არ არის“, – განაცხადა გიული ალასანიამ.