თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები დღეს უფასოდ იმოძრავებენ
დღეს, 08:00-დან 20:00 საათამდე ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
“მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს; ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან; საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე – მეტროსადგურ „დელისიდან“; ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ – მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“.
რაც შეეხება ველის სასაფლაოსკენ მიმავალ ავტობუსს, იგი ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება, ხოლო ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩიდან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.