რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ჩვენთვის ქართული დელეგაციის ვიზიტი უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო
ჩვენთვის ქართული დელეგაციის ვიზიტი უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო, – ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ მერეჟკომ განაცხადა.
მისივე თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო უკრაინის ახლო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია.
„იმისათვის, რომ ამ ომში გავიმარჯვოთ, მთელი ცივილიზებული, დემოკრატიული სამყაროს დახმარება გვჭირდება, მათ შორის საქართველოს მხრიდან. როდესაც ქართული დელეგაცია უკრაინაში ჩამოვიდა და ნახა ადგილები, სადაც რუსეთმა უკრაინელი ხალხის წინაშე საშინელებები ჩაიდინა, ჩვენ არ გვჭირდებოდა სიტყვები იმის ასახსნელად, თუ რა მოხდა. ჩვენთვის ქართული დელეგაციის ვიზიტი უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყებიდანვე საქართველოდან მხარდაჭერის არაერთი წერილი მივიღე. საქართველომ თავიდანვე გამოხატა ჩვენი დახმარებისა და სოლიდარობის სურვილი.
ჩვენი პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ ვიყოთ მეგობრები – ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა პოლიტიკაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო ჩვენი ახლო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. დელეგაციაში სხვადასხვა პარტია იყო წარმოდგენილი. ჩვენი კონსტიტუციისა და სახელმწიფო წყობის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პირია და მისი აქ ხილვა დიდი პატივისცემის ნიშანია“, – განაცხადა მერეჟკომ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში 15 აპრილს გაემგზავრა.