“ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს დაუბრუნეს თავისუფლება და დემოკრატია, რაც ქვეყნის წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა”

ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს დაუბრუნეს თავისუფლება და დემოკრატია, რაც ქვეყნის წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა. აღიკვეთა ადამიანის უფლებების ხელყოფის, ადამიანის ღირსების შელახვის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა. 2,5-ჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, ხოლო 12-ჯერ მათი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. პირველივე წლებში 11-ჯერ შემცირდა საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც პარტიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გავრცელდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მაღალი ხარისხით არის უზრუნველყოფილი მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი, აღიკვეთა არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა და არჩევითი ორგანოები მოსახლეობის ნების შესაბამისად ფორმირდება.

„მაღალი სტანდარტით არის დაცული ეკონომიკური თავისუფლება და საკუთრების უფლება. ქვეყანას აქვს ახალი კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესაბამება საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასა და სტანდარტებს.
სასამართლო, პროკურატურა და შსს აღარ გამოიყენება რეპრესიულ მექანიზმად, რაც არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებითა და სტატისტიკური მონაცემებით თვალნათლივ დასტურდება. სასამართლო სისტემაში პირველივე წლებში 6-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, 3-ჯერ შემცირდა წინასწარი და ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების, ხოლო 2-ჯერ – საგამოძიებო მოქმედებებზე ბრალდების შუამდგომლობის დაკმაყოფილების მაჩვენებელი. 5-ჯერ შემცირდა შეფარდებული ჯარიმის, ხოლო 18-ჯერ – გირაოს თანხის საერთო ოდენობა.
2014 და 2020 წლების გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, 2012-21 წლებში საქართველოს ეკონომიკა 27 მილიარდიდან 60 მილიარდამდე გაიზარდა. 8 მილიარდიდან 19,5 მილიარდამდე გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები. აღიკვეთა ე.წ. ელიტური კორუფცია – ყველა მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანაა კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. 3-ჯერ გაიზარდა საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი. 10-ჯერ გაიზარდა წყალმომარაგების სამუშაოების მოცულობა. განხორციელდა 300 ათასზე მეტი აბონენტის გაზიფიცირება. ამოქმედდა მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამები.
მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 350 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე, შეჩერდა საქართველოს მოსახლეობის კლება. ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სხვა ქმედითი მექანიზმები. 3-ჯერ გაიზარდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. ასევე, გასამმაგდა განათლების, კულტურისა და სპორტის დაფინანსება“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები