საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და იაპონიის ელჩმა საკურას ხეები დარგეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იმამურა აკირამ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ეზოში საკურას ხეები დარგეს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ალუბლის ხეების დარგვითა და გახარებით იაპონური კულტურისა და ტრადიციის ნაწილი საქართველოშიც იქნება წარმოდგენილი. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.
„ელჩმა აღნიშნა, რომ საკურას ყვავილობა არის ერთის მხრივ, ცხოვრების მშვენიერების და მეორეს მხრივ – წარმავლობის სიმბოლო, სიმბოლო იმისა, რომ ეს ცხოვრება ლამაზია, თუმცა, ხანმოკლე, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ მისი სილამაზე სრულად აღვიქვათ. ამავე დროს, აღნიშნა ისიც, რომ საკურას ხეების დარგვა გარდაცვლილების ხსოვნასაც ეძღვნება და ისაუბრა უკრაინის შესახებ.
ჩვენი დელეგაცია ახლახან იმყოფებოდა უკრაინაში და ომის მთელი სისასტიკე და ტრაგიზმი საკუთარი თვალებით ვიხილეთ. ვნახეთ, ასევე, ის ადამიანური ტრაგედიები, რომელიც ნებისმიერ ომს ახლავს და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ომი არის სასტიკი და დაუნდობელი. იმან, რაც იქ ჩვენი თვალით ვნახეთ, გააღვიძა ის იარები, რომელიც თავად გვაქვს 90-იანი წლებიდან და 2008 წლიდან და ემოციურ დონეზეც თანაზიარი გაგვხადა იმ ტრაგედიისა, რომელიც ახლაც უკრაინაში ხდება. ეს აგრესია უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დამსწრეებს მიმართა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ხეების დარგვის ცერემონია საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელს ეძღვნება. მისივე თქმით, დღეს დარგული საკურას ხეები ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის სიმბოლოა. ელჩმა ისაუბრა ორმხრივი თანამშრომლობის შესახებაც.
„30 წლიანი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, რომელიც გახლავთ დემოკრატია და კანონის უზენაესობა.
ჩვენ ვეხმარებით ერთმანეთს მძიმე ჟამს, როგორიც იყო ომი 2008 წელს და მიწისძვრა და ცუნამი 2011 წელს იაპონიაში. ჩვენი საერთო ინტერესი ჩვენი კულტურების მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ეს ხეები პირდაპირ იაპონიიდანაა. ადამიანები იაპონიაში ყოველ გაზაფხულს იკრიბებიან ამ ხეების ქვეშ გაზაფხულის აღსანიშნად.
ამას იაპონურად „ჰანამი” ეწოდება. ეს ხე ჩვენთვის ასოცირდება გარდამავალ პერიოდთან, წარმავალობასთან, რადგან ყვავილობა ცოტა ხანს გრძელდება. სწორედ ამიტომ, ხეებს ვრგავთ გარდაცვლილი ადამიანებისთვის ლოცვით. გთავაზობთ, რომ ეს ხეები დავრგოთ უკრაინაში, საშინელ ომში დაღუპულ ადამიანებზე ფიქრით და ვილოცოთ მათთვის. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ძალისხმევას და პასუხს ამ ომის მიმართ. საქართველო და იაპონია საერთო ძალისხმევით ცდილობს, დაეხმაროს უკრაინას და იზოლაციაში მოაქციოს რუსეთი. გამოწვევები წინ გვაქვს. ორივე ქვეყანას გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, კანონიერად აღვადგინოთ ჩვენი იურისდიქცია. ეს ხეები გახლავთ ჩვენი მეგობრობის სიმბოლო”,- განაცხადა იმამურა აკირამ.