გიორგი ვაშაძე: ოპოზიციას არ მოგვეცა საშუალება, რომ სისტემურად გვემუშავა – ვადამდელი არჩევნების ძახილით ვადამდელი არჩევნები არ მოვა
ვადამდელი არჩევნების ძახილით ვადამდელი არჩევნები არ მოვა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას არ მიეცა საშუალება, რომ სისტემურად ემუშავა.
„ვადამდელი არჩევნები მოვა თავისთავად, როცა მოიხარშება ეს პროცესი: იმ მომენტში, როცა არჩევანის წინაშე დადგება „ქართული ოცნება“ რეფორმები და ევროკავშირში ინტეგრაცია, თუ ხელისუფლების შენარჩუნება და ჭაობში საქართველოს დატოვება, მე ვფიქრობ, აი, ის მომენტი იქნება, როცა ხალხი გამოფხიზლდება, თუ „ქართული ოცნება“ აირჩევს უარს ევროკავშირსა და რეფორმებზე და იტყვის, რომ მე არ ვაპირებ ამ რეფორმების გატარებას, აი ამ მომენტში, ვფიქრობ, ეს მომწიფდება.
გულწრფელად ვთქვათ და ღიად, მე არ მინდა იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც არის ე.წ. ფალსტარტი, გეგმაზომიერად ვმუშაობთ. ჩვენ, ოპოზიციას არ მოგვეცა საშუალება, რომ სისტემურად გვემუშავა. ვადამდელი არჩევნების ძახილით ვადამდელი არჩევნები არ მოვა. ვადამდელ არჩევნებამდე რომ მიხვიდე, ამისთვის შენ ნაბიჯები უნდა გადადგა და საპარლამენტო რესპუბლიკაში ვადამდელი არჩევნები აბსოლუტურად ნორმალური ვითარებაა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.