შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ რეგიონში მშვიდობის მშენებლობის საქმეში

„საქართველოსა და აზერბაიჯანს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ რეგიონში მშვიდობის მშენებლობის საქმეში – ვთანხმდებით, რომ ორივე ქვეყანამ უნდა გამოვიყენოთ ეს ისტორიული როლი და ერთობლივად და უფრო მეტი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ხალხების და მთლიანად რეგიონის კეთილდღეობისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მისი აზერბაიჯანელი კოლეგის ვიზიტი სიმბოლური და განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა შეხვედრაზე განხილულ საკითხებზეც და, ამ კონტექსტში, ყურადღება რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში საქართველოსა და აზერბაიჯანის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და ისტორიულ ხალხთაშორის კავშირებზე. ჩვენ მადლიერები ვართ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ჩემს კოლეგას ასევე დავუდასტურე საქართველოს ურყევი მხარდაჭერა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ქალბატონ გაფაროვას ვიზიტი სიმბოლური და განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან წელს სრულდება 30-ე წლისთავი საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან.

თანამშრომლობის 30 წელი მრავალი შედეგის მომტანი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეებისთვის. დინამიკურად ვითარდება თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, ეკონომიკის, ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სხვა სფეროებში. მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს პოზიტიური ტენდენცია და ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ.

ვისაუბრეთ საპარლამენტო კავშირების განმტკიცებაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება და მეტი ვიზიტისა და შეხვედრის გამართვა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში.

შეხვედრაზე, ასევე, მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული დაძაბული ვითარება, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია, რეგიონული კონფლიქტები. საქართველოსა და აზერბაიჯანს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ რეგიონში მშვიდობის მშენებლობის საქმეში.
ვთანხმდებით, რომ ორივე ქვეყანამ უნდა გამოვიყენოთ ეს ისტორიული როლი და ერთობლივად და უფრო მეტი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ხალხების და მთლიანად რეგიონის კეთილდღეობისთვის”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საჰიბა
გაფაროვას ვიზიტისა და თანამშრომლობის მზადყოფნისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები