ირაკლი ბერაია: ვიზიარებ უსაფრთხოების სამსახურის სულისკვეთებას და მათ განცხადებებს აბსოლუტურად ვეთანხმები

“ვიზიარებ უსაფრთხოების სამსახურის სულისკვეთებას. მათ განცხადებებს, მათ შეფასებებს აბსოლუტურად ვეთანხმები და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ სამსახურს მისი მანდატით განხორციელებული უფლებამოსილების შესრულებაში,” – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

მისი თქმით, სუს-ის ანგარიში საკმაოდ მაღალ პროფესიულ დონეზე შექმნილი დოკუმენტია.

“უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში არის საკმაოდ მაღალ პროფესიულ დონეზე შექმნილი დოკუმენტი. ის მოიცავს ისეთ ჩანაწერებს, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რისკები, მათი სხვადასხვა გამოვლინება და ის ნაბიჯები, რასაც უსაფრთხოების სამსახური დგამდა აღნიშნულის საპასუხოდ საანგარიშო პერიოდში”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ცნობისთვის, გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, გასულ წელს გამოიკვეთა დესტრუქციულ გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ფორმით გააქტიურების ტენდენცია. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული სუბიექტების მხრიდან, სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით (მათ შორის, სოციალური ქსელები, ვებ-გვერდები, ინტერნეტ-ტელევიზია, ტელემაუწყებლობა), აქტიურად მიმდინარეობდა პროდასავლური კურსის საწინააღმდეგო პროპაგანდა. ისინი ბოროტად იყენებდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მიზანმიმართულად ეწეოდნენ დემოკრატიის დამაზიანებელი იდეოლოგიის გავრცელებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები