მედვედჩუკის მეუღლე: ჩემს ქმარს უკრაინის დაზვერვა სასურველი ჩვენების მისაღებად აწამებს
ვიქტორ მედვედჩუკის მეუღლე უკრაინულ მხარეს მეუღლის წამებაში ადანაშაულებს, – ამის შესახებ ოქსანა მარჩენკომ რუსეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მის მეუღლეს უკრაინის დაზვერვა სასურველი ჩვენების მისაღებად აწამებს.
“ვადიმ ბოიჩენკოს განცხადება ადასტურებს უკრაინის ხელისუფლების სურვილს, ვიქტორზე ზემოქმედების აკრძალული ფიზიკური მეთოდები გამოიყენონ, რათა საჭირო განცხადებები მიიღონ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი აპირებენ ან უკვე აწამებენ მას. ჩვენ გვაქვს სერიოზული საფუძველი, ვიფიქროთ, რომ უკრაინის დაზვერვის ქვედანაყოფები ნამდვილად იყენებენ წამებას პოლიტპატიმრებისგან სასურველი ჩვენების მისაღებად. ეს მსჯელობა ემყარება ფაქტებს, ასევე, დაფუძნებულია ვიქტორის თანამშრომლების პერსონალურ ჩვენებებზე, რომლებიც თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში დააკავეს”, – ამბობს მარჩენკო.
ცნობისთვის, მედვედჩუკი 12 აპრილს უკრაინულმა მხარემ დააპატიმრა, რის შემდეგაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს მისი ტყვეებში გაცვლა შესთავაზა. ასევე, უკრაინის სასამართლომ მედვედჩუკის ოჯახის ქონება დააყადაღა.