სერბეთი რუსულ გაზზე უარს უკვე 2023 წელს იტყვის

სერბეთი, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, უკვე 2023 წლის სექტემბრიდან თხევად გაზს საბერძნეთიდან, ხოლო ბუნებრივს – აზერბაიჯანიდან მიიღებს.

ამის შესახებ სერბეთის ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა, ზორანა მიხაილოვიჩმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყანა მხოლოდ ერთ მიმწოდებელზე – რუსეთზეა დამოკიდებული, მაგრამ იგეგმება გაზის მიღების გაზრდა ნის-დიმიტროვგრადის გაზსადენით, რომელიც სერბეთს ბულგარეთთან დააკავშირებს.

მისი დასრულება 2022 წელს იგეგმება.

„სერბეთი კვლავ ერთ მიმწოდებელზეა დამოკიდებული. გაზის მიწოდების ორი მიმართულება გვაქვს, მაგრამ რუსეთზე ვართ დამოკიდებული. ბულგარეთთან ჩვენი დაკავშირება, რომელიც მზად მომავალ წელს იქნება, გვაძლევს შესაძლებლობას, ვაწარმოოთ მოლაპარაკება და თხევადი გაზი საბერძნეთიდან მივიღოთ. ასევე, აზერბაიჯანულ გაზს დავუკავშირდეთ”, – თქვა მან.

სერბეთსა და “გაზპრომს” შორის მოქმედი კონტრაქტი 31 მაისს იწურება. მის ფარგლებში შეთანხმებული იყო დღეში 6 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდება, რომლის ფასიც 1000 კუბურ მეტრზე – 270 დოლარია.

როგორც სერბეთის ვიცეპრემიერმა თქვა, უცნობია, როგორი იქნება მომავალში გაზის საფასური.

მანვე აქვე განმარტა აღნიშნულის მიზეზი. “რადგან ბაზარზე ტექტონიკური ძვრებია და უცნობია, რა ფასზე შეიძლება, შევთანხმდეთ „გაზპრომთან“. მაგრამ ფასი ნამდვილად არ იქნება ისეთი, როგორიც იყო“, – განაცხადა ვიცეპრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები