ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია ძალიან სამწუხარო მდგომარეობაშია
“ოპოზიცია ძალიან სამწუხარო მდგომარეობაშია – ჰიბრიდული ომის მეთოდებსა და, ასე ვთქვათ, არეულობის სცენარების შექმნასა და განხორციელებაზე იყო ეს შეკრება და ტრენინგი მიმართული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ბაკურიანის შეკრების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ქადაგიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევაა.
„ოპოზიცია ძალიან სამწუხარო მდგომარეობაშია, ისინი ვერ ხედავენ თავის თავში რესურსს, რომ არჩევნების გზით რამე წარმატებას მიაღწიონ. ბოლო არჩევნები ბათუმსა და რუსთავში ამის ნათელი მაგალითია, გამომდინარე აქედან, გადაწყვიტეს, რომ რადიკალიზაციის ხარისხი კიდევ უფრო მაღლა ასწიონ და რამენაირად ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. ამ ჰიბრიდული ომის მეთოდებსა და, ასე ვთქვათ, არეულობის სცენარების შექმნასა და განხორციელებაზე იყო სწორედ ეს შეკრება და ტრენინგი მიმართული. ჰიბრიდული ომი ხასიათდება ერთი რამით, ის იწყება ვერბალურად, ხორციელდება ვერბალურად, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მათი განცხადებები და ქმედებები იყოს ისეთები, რომ დემოკრატიული კანონმდებლობით პირდაპირ დასჯადი არ იყოს. მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანაში, სადაც ფართოდ არის უზრუნველყოფილი მედიის თავისუფლება, შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.