პაპუნა მარგველიძე და სერგი ხიდეშელი პიპილეთში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ და არსებულ ვითარებას გაეცნენ
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგი ხიდეშელთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტო”-ს გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტებთან ერთად, პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტებმა, შემდგომი საინჟინრო გეოლოგიური დასკვნისა და რეკომენდაციის გაცემის მიზნით, მეწყრული მონაკვეთების ვიზუალური შესწავლა-დათვალიერება მოახდინეს. მათ მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ შექმნილმა ვითარებამ საჭირო გახადა ცხმორი-ღუნდას დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის გაწმენდა-გაფართოების სამუშაოების ჩატარება, ამ დროისათვის მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ალტერნატიული გზით.
მიმდინარე წლის 6 აპრილს, პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად მთის ფერდობიდან მეწყრული პროცესების გააქტიურებამ საავტომობილო გზის სავალი ნაწილის დაზიანება გამოიწვია.