დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი სამუშაო ვიზიტით ჩეხეთში იმყოფებოდა
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
პროექტის “არაგვის დაცული ლანდშაფტის ტყის რესურსის მდგრადი განვითარება” ფარგლებში, მერი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ექსპერტებთან, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან და ა(ა)იპ არაგვის დაცული ლანდშაფტის დირექტორთან, იაგო წოწკოლაურთან ერთად, ტყის მენეჯმენტთან დაკავშირებით ჩეხურ გამოცდილებას გაეცნო.
ვიზიტის მონაწილეებმა ადგილზე დაათვალიერეს პოდიჯის ეროვნული პარკი, გაეცნენ ხის დამუშავების სხვადასხვა ტექნოლოგიებს ქალაქ ბრნოს ტყეებში და რადეც კრალოვეს მუნიციპალური ტყის მართვის სისტემას.
ვიზიტის მონაწილეები, აგრეთვე, იმყოფებოდნენ ჩეხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სადაც შეხვდნენ მინისტრის მოადგილეს პატრიკ მლინარს, ხოლო დასასრულს, პრაღაში ქართულ დელეგაციას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა უმასპინძლა.
“ვიზიტმა საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა, რადგან საშუალება მქონდა პირადად გავცნობოდი შესანიშნავ მაგალითებს იმისა, თუ როგორ შეიძლება ტყის რესურსის ეფექტური გამოყენება ბიომრავალფეროვნების დაცვითა და ავთენტური გარემოს შენარჩუნებით. უახლოეს პერიოდში, ასევე, იგეგმება ჩეხური მხარის სამუშაო ვიზიტი არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე და დარწმუნებული ვარ, ჩეხი ექსპერტები ადეკვატურად შეაფასებენ ჩვენს უნიკალურ ლანდშაფტს და დაგვეხმარებიან მის განვითარებაში,” – განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.
ცნობისათვის, აღნიშნული პროექტი ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო პარტნიორ ორგანიზაციას ჩეხეთის ტყის მართვის ინსტიტუტი წარმოადგენს.