შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაიწყო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კამპანია, სლოგანით – „იცოდე, რომ კანონი გიცავს!“
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ევროკავშირის მხარდაჭერით დაგეგმა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანია, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე და პოლიციისადმი ნდობის ხარისხის გაზრდა.
ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა – კატალინ გერმანმა გახსნეს. კამპანიის ფარგლებში, ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით მომზადდა 4 ვიდეორგოლი, რომელთა მთავარი მესიჯია – „იცოდე, რომ კანონი გიცავს“!
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა – მამუკა ჭელიძემ მოწვეულ სტუმრებს დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მან ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობასა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. კამპანიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა სამინისტროს, ევროკავშირის, აშშ-ის საელჩოს და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. საინფორმაციო კამპანია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა” – ფარგლებში ხორციელდება.