ალექსანდრე რაქვიაშვილი: იმედია, პასუხები, რომლებსაც უკრაინიდან ჩამოვიტანთ, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ურთიერთობებში გაუგებრობები დავძლიოთ
“გირჩის” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოდან დელეგაცია უკრაინაში გამგზავრებას კვირის ბოლომდე შეძლებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დელეგაციის წევრებს უკრაინელი პოლიტიკოსებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ, რაც ურთიერთობებში გაუგებრობების დაძლევის წინაპირობა იქნება.
“მე უფრო მოლოდინი მაქვს, რომ კვირის ბოლოსკენ თუ ყველაფერი დალაგდა, დელეგაცია გაემგზავრება უკრაინაში. იმედია, ყველა პარტიის, მათ შორის, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებიც იქნებიან. ყველა კითხვა, რაც ჩვენ გვაქვს, რაც “ქართულ ოცნებას” ექნება, იქვე დავუსვამთ უკრაინის პარლამენტის წევრებს და იმედია, პასუხებს, რომლებსაც ჩამოვიტანთ, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ურთიერთობებში გაუგებრობები დავძლიოთ და არა მარტო შალვა პაპუაშვილი ჩავიდეს იქ, არამედ, ზოგადად, უკეთესი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს იმიტომ, რომ ამაზე ახლო მოკავშირე ამ მომენტში არ გვყავს მსოფლიოში”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.