დავით უსუფაშვილი: დღეს მთავარია, საქართველოს ჰქონდეს მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვდგავართ სიკეთის, ანუ – უკრაინელი ხალხისა და უკრაინელი მთავრობის მხარეს

“დღეს მთავარია არა ის, ვინ წავა და როდის წავა უკრაინაში, არამედ ის, რომ გვქონდეს ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიცია”, – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა, დავით უსუფაშვილმა უკრაინაში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინისადმი სოლიდარობა ყველა შესაძლო ფორმით უნდა გამოიხატოს.

“დღეს მთავარია არა ის, ვინ წავა და როდის წავა უკრაინაში, არამედ ის, რომ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ჰქონდეს ძალიან მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ წყალგამყოფის შექმნისას, როდესაც ერთ მხარესაა ბოროტება და მეორე მხარესაა სიკეთე – ჩვენ ვდგავართ სიკეთის, ანუ უკრაინელი ხალხის და უკრაინელი მთავრობის მხარეს, იქ – სადაც დგას მთელი დემოკრატიული საზოგადოება.

ჩვენ უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა ყველა შესაძლო ფორმით. კიდევ ერთხელ ვამბობ, მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვინ და როდის წავა, არამედ ის რომ გვქონდეს ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიცია”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიცია უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს მზაობა – უკრაინაში უმაღლეს საკანონმდებლო დონეზე შედგეს ვიზიტი, თუმცა, არის მკაფიო წინაპირობები.

მისივე თქმით: “ყველაზე პრინციპული საკითხი – ყველა პრობლემის სათავე არის ის, რომ დღემდე ადამიანები, რომლებიც საქართველოში რადიკალური ოპოზიციური ლიდერები არიან, უკრაინის ხელისუფლებაში არიან წარმოდგენილები. ესენი არიან: სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, გენპროკურორის მრჩეველი ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, რომელიც არის დაწინაურებული კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე და ნუ, არახამია არის პირი, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს ამ ადამიანებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის. ეს არის სამწუხარო რეალობა“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები