საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ
საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, რუსეთ-უკრაინის ომს, ქვეყანაში რეფორმების მიმდინარეობას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.
„ორი მთავარი საკითხი რაზეც ვიმსჯელეთ, ეს არის უკრაინა და უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციონირება და საქართველოს დაჩქარებული გაწევრიანება ევროკავშირში. ამისთვის საქართველოს სჭირდება რეფორმები, პირველ რიგში სასამართლო რეფორმა, რომ ეს პროცესი დაჩქარებით მოხდეს. სრული წარმოდგენა აქვთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს რა ხდება საქართველოში და ზუსტად იციან, რომ ის ყველა არსებული მექანიზმი, რაც აქამდე იყო „ქართულმა ოცნებამ” არ გამოიყენა”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე მკაფიოდ აღინიშნა, რომ ნაკისრი ვალდებულებების და რეფორმების გატარების გარეშე, წარმატება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენს ქვეყანას ვერ ექნება.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, საქართველოს ყველა მეგობარი და მოკავშირე ევროპარლამენტში გულშემატკივრობს ჩვენს ქვეყანას, მის უსაფრთხოებას, მაგრამ ასევე ჩვენს მომავალს ევროკავშირთან მიმართებაში. მათ სურთ რომ წარმატებული იყოს საქართველოს აპლიკაცია ევროკავშირში კანდიდატის მიღების გზაზე.
ამავე დროს, ნათელია იმ რეფორმების გატარების გარეშე, რომელიც საქართველოს ესაჭიროება, წარმატება ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ვერ ექნება”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებთან შეხვედრას საპარლამენტო ოპოზიციის წევრები სალომე სამადაშვილი, გიორგი ვაშაძე, ხატია დეკანოიძე, ლევან იოსელიანი, ხათუნა სამნიძე, ანა ბუჩუკური, ჰერმან საბო და ფრიდონ ინჯია ესწრებოდნენ.