საქართველოს პარლამენტში ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრები გაიმართა
საქართველოს პარლამენტი ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციას მასპინძლობს. პირველი შეხვედრა ევროპარლამენტარებთან ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებთან გაიმართა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ თემას უსაფრთხოების გამოწვევები წარმოადგენდა.
მხარეებმა ისაუბრეს რუსულ ოკუპაციაზე და მის შედეგებზე საქართველოში; ჰიბრიდულ საფრთხეებზე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მისი გამკლავების გზებზე და ამ მნიშვნელოვან საკითხში პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს. „რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ევროპელი პარტნიორების გვერდით დგომას და მათთან დიალოგს. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობების წინ წაწევა”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ქართველმა კანონმდებლებმა ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებთან საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლაზეც ისაუბრეს. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საქართველომ შესაბამისი კითხვარი უნდა შეავსოს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დღეს მიიღებს. „საქართველოსაც დღეიდან აქვს ოფიციალური აღიარება იმისა, რომ კანდიდატი ქვეყნის მინიჭების სტატუსზე ვისაუბროთ. ეს საქართველოს ისტორიაში, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე არის მნიშვნელოვანი მოვლენა და ბუნებრივია, ამ პროცესში ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ევროკავშირში ინტეგრაცია არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ძალიან ბევრი მიმართულებით რეფორმების განხორციელებას უკავშირდება. იმისათვის, რომ ეს პროცესი დაწყებულიყო 2014 წელს ხელი მოვაწერეთ ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელსაც წარმატებით ვახორციელებთ, ჩვენ გვაქვს ნაკისრი ვალდებულების შესრულების ძალიან კარგი მაჩვენებელი, რაც გვაძლევს ევროკავშირთან ურთიერთობებში ოპტიმისტური განწყობის საფუძველს”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.