გიორგი ცუცქირიძე: ბრძოლა იქნება ბოლომდე, რუსული იმპერიის განადგურებამდე, რადგან სხვა შემთხვევაში დასავლური ცივილიზაცია შეწყვეტს არსებობას

„დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოს ლიდერების ბოლო გადაწყვეტილებები სამხედრო დანაშაულების გამო პუტინის რეჟიმის პასუხისგებაში მიცემასა და სანქციების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ენერგო და სატრანსპორტო ემბარგოს ჩათვლით, რუსეთს არანაირ შანსს აღარ უტოვებს“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ფაქტობრივად, ეს მესამე მსოფლიო ომია და ნებისმიერი სცენარისათვის მზად უნდა ვიყოთ.

„კადრები, რომლებიც მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ, უკრაინული ქალაქების დატოვების შემდეგ, აღარანაირ ეჭვს აღარ ტოვებს მასიურ სასაკლაოზე, რასაც რუსული ფაშიზმი უკრაინის მიწაზე ჩადის. ეს არის გაგრძელება ბუჩაში დატრიალებული კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა, რაც განხორციელდა ადამიანთა წამების, გაუპატიურების და ხელებგაკრული მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტით, რასაც კრემლის პროპაგანდისტულმა მანქანამ, მისთვის ასე დამახასიათებელი ცინიზმით, „ფეიკიც“ კი უწოდა.
არ დაგვავიწყდეს, რომ არა თუ აქაურმა რუსულმა აგენტურამ თუ ცალკეულმა ინტერესჯგუფებმა, არამედ ე.წ კონსერვატორულმა ფლანგმა ევროპაში, ყოფილი დუჩისტების და ფრანკისტების სახით, ასევე „ფეიკი“ უწოდეს თავის დროზე გერმანელი ფაშისტების მიერ, საკონცენტრაციო ბანაკებში ადამიანთა განადგურებას, ვითომ ეს სპეციალურად დადგმული კადრები იყო, ომის დანაშაულებში, ებრაული თემის განსაზოგადებლად და ნაციზმის გასასამართლებლად განხორციელებული!
რუსული ფაშისტური მანქანის მარცხი გარდაუვალია და მას ვერც მათი დემორალიზირებული ჯარების გადაჯგუფება და ვერც ვინმე სირიის ოპერაციების სისხლიანი გენერლის დანიშვნა უშველის. არმიამ, რომელმაც თითქმის ყველა სტრატეგიული მიმართულება წააგო, უდიდესი დანაკარგების ფასად, ამ ომს მთელ ცივილიზებულ და მასზე ფინანსურად და ტექნოლოგიურად აღმატებულ ძალასთან თეორიულადაც ვერ მოიგებს.

სამწუხაროდ, აქაც ბევრს ავიწყდება, რომ უკრაინის მხარეს საერთაშორისო კოალიცია ომობს, ღიადაც და ფარულადაც. დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოს ლიდერების ბოლო გადაწყვეტილებებიც, სამხედრო დანაშაულების გამო, პუტინის რეჟიმის პასუხისგებაში მიცემაზე და სანქციების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ენერგო და სატრანსპორტო ემბარგოს ჩათვლით, რუსეთს არანაირ შანსს აღარ უტოვებს!
აშშ-ის სენატის მხრიდან ერთხმად მხარდაჭერილი კანონპროექტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ლენდ-ლიზის პროგრამას აღადგენს, უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდებაზე უკვე ნიშნავს აშშ-ის ფაქტობრივ ჩართულობას ამ მესამე მსოფლიო ომად წოდებულ კონფლიქტში, რასაც ევროპაში აშშ-ის მთავარი მოკავშირის ბრიტანეთის პრემიერ ბორის ჯონსონის კიევში ვიზიტი და იქ გაკეთებული განცხადებებიც ცხადყოფს.

ეს არის დასავლური ქრისტიანული ცივილიზაციის გადამწყვეტი ომი, პუტინის ნეოიმპერიულ და ანტიდასავლურ, კონსერვატიულ საფარქვეშ მოქცეულ ევრაზიულ დოქტრინასთან, რასაც საერთო არც ქრისტიანობასთან და არც მართლმადიდებლობასთან არა აქვს.

ჩვენ ასევე ვხედავთ ამ უცილობელი დაპირისპირების მოსალოდნელ გადმოტანას საქართველოშიც, სანქციებს შევუერთდებით, თუ არა ამასაც ნაკლები მნიშვნელობა ექნება, როდესაც ჩვენი, პრაქტიკულად, ყველა წამყვანი სტრატეგიული პარტნიორი, ამ ომში, ფაქტობრივად, უკვე ისედაც არის ჩართული.

რუსული ფაშიზმი ისეთივე ეგზისტენციალური საფრთხეა დღეს, როგორიც ნაციზმი იყო გასული საუკუნის 40-იან წლებში. ეს დაპირისპირებაც პატით, ან ზავით ვერ დასრულდება, თავს ნურავინ დაიმშვიდებს და ნურც მოიტყუებს.
ბრძოლა იქნება ბოლომდე, რუსული იმპერიის განადგურებამდე, რადგან სხვა შემთხვევაში თავად დასავლური ცივილიზაცია შეწყვეტს არსებობას.
ამ გლობალურ დაპირისპირებაში, ჩვენ სხვა არჩევანი გარდა დასავლურ ბანაკში ყოფნისა არა გვაქვს, თუ აქამდე ცალკეულ ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს დროის მოგების მიზნით, შეიძლება გამართლება კიდევ ჰქონდა, ხვალ არა თუ აღარ იმუშავებს, არამედ იმუშავებს უკვე ჩვენს საზიანოდ.
არავის არც ვაშინებ და არც ვზაფრავ, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ფაქტობრივად, ეს არის მესამე მსოფლიო ომი და შესაბამისად, ნებისმიერი სცენარისათვის უნდა ვიყოთ მზად, მათ შორის რუსეთთან ასიმეტრიული ომისათვის! ეს მთაგორიან რელიეფზე საომარი მოქმედებების გადატანასაც გულისხმობს და პარტიზანულ ომსაც! აქამდეც სულ მარტო ასე ასიმეტრიულად გვიომია და ამჯერად მარტო ნაღდად არ ვიქნებით თუ გონივრულად ვიმოქმედებთ და წინასწარ კაპიტულაციას არ გამოვაცხადებთ!“, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები