„თავისუფლების დღე“ – რუსთაველზე აქცია დაიწყო
საქართველოს პარლამენტის წინ აქცია – „თავისუფლების დღე“ მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსები ოპოზიციიდან, სამოქალაქო აქტივისტები, საზოგადოების სხვა წევრები და მოქალაქეები, რომლებმაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.
პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებულია მონიტორი, სადაც ასახულია 9 აპრილის გმირების, ასევე მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ფოტოები. მონიტორზე აჩვენეს აფხაზეთის ომში მებრძოლების, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის, ქართული სოფლებისა და ქალაქების დაბომბვის კადრები.
აქციის მონაწილეების თქმით, აქციის მიზანია საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ, რომ მტკიცედ დგანან რუსული აგრესიის წინაშე და ერთიანდებიან 9 აპრილის იდეის გარშემო.
აქციის დასაწყისში გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.