შოლცი: გერმანიას, რუსული ნახშირის იმპორტის აკრძალვისთვის, ოთხთვიანი გარდამავალი პერიოდის გამოყენება მოუწევს
გერმანია, ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, რუსული ნახშირისგან ეტაპობრივად გასათავისუფლებლად, ოთხთვიანი გარდამავალი პერიოდის გამოყენებას გეგმავს.
მიმდინარე კვირას ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტზე შეთანხმდნენ, მათ შორის, რუსეთის ნახშირზე ემბარგოს დაწესებაზე, რისთვისაც 120-დღიანი გარდამავალი პერიოდი განისაზღვრა.
”ამ პერიოდის გამოყენება დაგვჭირდება. თუ უფრო დაჩქარდება, კარგი იქნება. მაგრამ ჩვენ დაგვჭირდება დრო და კომპანიებს დასჭირდებათ დრო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდი ხანია, ახალ მიმწოდებლებს ეძებენ“, – თქვა შოლცმა 16 ფედერალური მიწის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, წერს Reuters-ი.
გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშში, რომელიც ბუნდესტაგს მიმდინარე კვირას წარედგინა, იყო გაფრთხილება, რომ ქვეყანას, სავარაუდოდ, რამდენიმე ელექტროსადგურის გათიშვა მოუწევს, თუ რუსული ნახშირის იმპორტი დაუყოვნებლივ შეწყდება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსული ნახშირის იმპორტის დაუყოვნებელი აკრძალვა, “ნახშირის დეფიციტს რამდენიმე კვირაში” გამოიწვევს.