მეუფე შიო: ადამიანის გულშიც რომ შემოვიდეს ქრისტე, რომ იშვას, რომ ჩაისახოს მასში და აღორძინდეს, დიდი სულიერი ღვაწლია საჭირო
“ყოველთვის ვევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ჩვენშიც ჩაისახოს, ჩვენშიც აღორძინდეს უფალი იესო ქრისტე იმიტომ, რომ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სულიერი ცხოვრებაც და ჩვენი მარადიული ცხოვრებაც უფალ იესო ქრისტესთან”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ მუჯირმა ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანის გულშიც რომ შემოვიდეს ქრისტე, დიდი სულიერი ღვაწლია საჭირო.
„ღმერთი მრავალი საუკუნე ამზადებდა თავის რჩეულ ერს, ისრაელს, მესიის მოსასვლელად და იმისთვის, რომ წარმოეშვა ამ ერს აი, ასეთი საოცარი ადამიანი, როგორიც არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. საოცარი ნერგი, საოცარი ყვავილი, რომლისგანაც შეიძლებოდა შობილიყო ძე ღმერთი, ღვთისმშობელში არის თავმოყრილი ყველაფერი საუკეთესო, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. ისევე, როგორც ღვთის ნების გარეშე ვერ მოხდებოდა უფლის განკაცება, ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თანხმობის გარეშე განკაცება ვერ მოხდებოდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დიდ მადლთან ერთად მიიღო სატანჯველიც, ტანჯვაც მიიღო. მთელი მისი ცხოვრება მწუხარებით იყო სავსე. და აი, ადამიანის გულშიც რომ შემოვიდეს ქრისტე, რომ იშვას, რომ მასში ჩაისახოს და აღორძინდეს იესო ქრისტე, დიდი სულიერი ღვაწლია საჭირო. ეს ღვაწლი არის ბრძოლა საკუთარ თავთან, რადგან ცოდვა ისე შეგვეთვისა ჩვენ, რომ ჩვენეული გახდა უკვე, ბრძოლა საკუთარ ვნებებთან, ბრძოლა ბოროტ სულებთან, ბრძოლა ამ წუთისოფლისგან მომდინარე განსაცდელებთან. ეს ყველაფერი ღვაწლს გულისხმობს და სხვანაირად უფალი ჩვენ სულში ვერ შემოვა, მაგრამ ეს მწუხარებანი და განსაცდელები ჩვენი არაფერია იმასთან შედარებით, რაც დაითმინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა. ასე რომ, დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე, ვევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ მისი ცრემლები, მისი სიხარული და ძე ღმერთის განკაცება, უფალ იესო ქრისტეს ცხოვრება, მისი ტანჯვა, მისი ჯვარცმა, მისი მკვდრეთით აღდგომა არ ყოფილიყოს ჩვენთვის ამაო. ყოველთვის ვევედროთ ამისთვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ჩვენშიც ჩაისახოს, ჩვენშიც აღორძინდეს უფალი იესო ქრისტე, იმიტომ, რომ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სულიერი ცხოვრებაც და ჩვენი მარადიული ცხოვრებაც უფალ იესო ქრისტესთან”, – განაცხადა მეუფე შიომ.