ნინო ჭელიძე: ,,განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამები საგანმანათლებლო სფეროში უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის საუკეთესო პრეცედენტებს ქმნის”

განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2014 წელს დაარსდა, უკვე 8 წელია აფინანსებს საზღვარგარეთ სწავლის მსურველ სტუდენტებს.

დაარსებიდან დღემდე ცენტრმა 1100-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა. სტუდენტების ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა საქართველოში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.

კონკრეტულად რა პროგრამებს ახორციელებს ცენტრი, ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება და როგორია საკონკურსო პროცედურები – ამ და სხვა საკითხებზე განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს ნინო ჭელიძეს ვესაუბრეთ.

  • ქალბატონო ნინო, ცენტრი დაარსდა 2014 წელს, თქვენი ხელმძღვანელობით წლების მანძილზე გაიზარდა პროგრამების რაოდენობა, გაფართოვდა ცენტრის საერთაშორისო პარტნიორთა წრეც, ჩატარდა არაერთი ღონისძიება. გვიამბეთ, სულ რამდენ პროგრამას ახორციელებთ და რომელი ორგანიზაციებია ცენტრის პარტნიორები?

 განათლების საერთაშორისო ცენტრი ამ ეტაპზე ახორციელებს 16 სასტიპენდიო სქემას. ცენტრის პროგრამების ერთი ნაწილი სრულადაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა სახელმწიფოს მხრიდან, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია საზღვარგარეთ განათლების ხელშეწყობა, რათა ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლონ იმ ცოდნის მიღება, რომელსაც მათ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები სთავაზობენ, შემდეგ კი შესაბამის სფეროში საქართველოში დასაქმება.

ცენტრის სლოგანიც ესაა: ,,მოახმარე შენი ცოდნა საქართველოს’’. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის საერთაშორისო ცოდნა თუ გამოცდილება, რომელსაც ჩვენი სტიპენდიატები იღებენ, უკან დაბრუნების შემდეგ საქართველოში რეალიზდეს.

მეორე მხრივ, ასევე მთავრობის ხელშეწყობით, ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებენ ამა თუ იმ პროგრამას. ამჟამად, ცენტრს რვა საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს, ჩვენი ერთობლივი პროგრამები უკვე წლებია ხორციელდება საქართველოში აშშ-ს,  უნგრეთის, იტალიისა და საფრანგეთის საელჩოებისა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით, ვთანამშრომლობთ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან.

მიმდინარე წელს კი დავიწყეთ ჩეხეთის,  ჩინეთისა და სომხეთის საელჩოებთან თანამშრომლობა, შესაბამისად, ცენტრი კიდევ  3 სასტიპენდიო პროგრამის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს.

ასევე, უახლოეს მომავალში, ამერიკის საელჩოთან პარტნიორობით, იგეგმება ETA – (English Teaching Assistant Programs) პროგრამის ამოქმედებაც.  პროგრამის მიზანია საქართველოს რეგიონალურ უნივერსიტეტებში ინგლისური ენის სწავლების და ინსტიტუციური ინტერნაციონალიზაციის პროცესების ხელშეწყობა. ამერიკული და ქართული მხარეები მომდევნო წლებში ერთობლივად უზრუნველყოფენ პროგრამის ადმინისტრირებას.

განათლების საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამები საქართველოს განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის პროცესისა და საგანმანათლებლო სფეროში უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის საუკეთესო პრეცედენტებს ქმნის.

ამრიგად, ყოვეწლიურად ვაფართოებთ თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან და, შესაბამისად, ყოველწლიურად იზრდება სასტიპენდიო პროგრამების რიცხვიც.

 ამ ეტაპზე რომელი კონკურსების ფარგლებშია შესაძლებელი სტუდენტთა განაცხადების მიღება?

9 თებერვალს, განათლების საერთაშორისო ცენტრმა, 2022-2023 სასწავლო წლის  სასტიპენდიო პროგრამები გამოაცხადა. როგორც აღვნიშნეთ, პროგრამების ერთი ნაწილი სრულადაა დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ, მეორე ნაწილი კი – ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამები – ხორციელდება საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით.

ერთობლივ პროგრამებზე (იტალიის, საფრანგეთის, უნგრეთის, ჩეხეთის სასტიპენდიო სქემები) განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია და ამჟამად მიმდინარეობს შეფასების პროცესი.

ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ 4 პროგრამაზე განაცხადები მიიღება 10 აპრილის  ჩათვლით (თბილისის დროით 18:00 საათამდე), ეს პროგრამებია:

  • საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2022-2023;
  • საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2022-2023;
  • საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2022-2023;
  • საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2022-2023.

  

  • ვის შეუძლია კონკურსებში მონაწილეობის მიღება?

საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს, რომელთაც აქვთ სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურზე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების სურვილი. კონკურსანტები თავად არჩევენ უნივეერსიტეტსა და პროგრამას და ამის შესაბამისად მიმართავენ ცენტრს, დაფინანსების მისაღებად. ფინანსდება როგორც სწავლის გადასახადი, ასევე საცხოვრებელი თუ სხვა მიმდინარე ხარჯები (დაზღვევა, ტრანსპორტირება და ა.შ.).

  • როგორ შეუძლიათ პროგრამით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ცენტრთან დაკავშირება? კონსულტაციის გავლა?

ჩვენ, ფაქტობრივად, ყველა შესაძლო საკონსულტაციო რესურსს ვიყენებთ. კერძოდ, პროგრამებით დაინტერესებულ აპლიკანტებს, კონკურსების ვადის ამოწურვამდე შესაძლებლობა აქვთ გაიარონ:

სატელეფონო კონსულტაცია (0322 97 01 97);

ელექტრონული კონსულტაცია (Facebook/Email: info-iec@iec.gov.ge);

ონლაინ-კონსულტაცია (Zoom პლატფორმა, სამშაბათს და ხუთშაბათს, 13:00 საათი).

ასევე, უფრო ვრცელი ინფორმაცია საკონკურსო თუ სააპლიკაციო პროცედურების შესახებ,  დაინტერესებული აპლიკანტებისთვის, ხელმისაწვდომია ცენტრის ვებგვერდზე: iec.gov.ge, სადაც დეტალურადაა ახსნილი თითოეული პროგრამის მოთხოვნა და საკონკურსო ეტაპები.

  • ვინ აფასებს კონკურსანტებს და როგორ ხდება გამარჯვებულების გამოვლენა?

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკონკურსო პროცედურები არის გამჭვირვალე და თანმიმდევრული, ამას ისიც ადასტურებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები – სასტიპენდიო პროგრამების განხორციელებისას, სწორედ ცენტრის შეფასების სისტემას იყენებენ. ხოლო საკონკურსო პროცედურებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. თითოეულ პროგრამას ჰყავს შესაბამისი კომისია; საერთაშორისო პროგრამებში კომისია არის ერთობლივი. კომისია განსაზღვრავს საკონკურსო კრიტერიუმებსა და პროცედურებსაც.

შერჩევის ლოგიკა სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სასტიპენდიო სქემებთან, სადაც ადმინისტრაცია მხოლოდ არსებული საბუთების დასაშვებობას განსაზღვრავს და არ აქვს უფლება შინაარსის შეფასებაში მიიღოს მონაწილეობა. კომისიის წევრები არიან სხვადასხვა დარგისა და სექტორის პროფესიონალები, მათ შორის, ცენტრის ყოფილი სტიპენდიატები და კურსდამთავრებულები, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები.

პროგრამების უმეტესობაში პირველ ეტაპზე, საბუთების შეფასებისას, კონკურსანტების ვინაობა ცნობილი არაა,  საკონკურსო წესისა და პროცედურების თანახმად კომისიის თითოეული წევრი ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად აფასებს კონკურსანტებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით და სწორედ მათი ქულათა ჯამის და საერთო რეიტინგების შესაბამისად გამოვლინდებიან საბოლოო გამარჯვებული კონკურსანტები.

  • როგორია სასტიპენდიო პროგრამების შედეგები?

2014 წლიდან დღემდე გაცემულია 1100-ზე მეტი სტიპენდია, ამ რიცხვს წლევანდელი მონაცემებიც დაემატება. ცენტრის სტიპენდიატთა დიდი ნაწილი უკვე დაბრუნდა საქართველოში და წარმატებით საქმიანობს სხვადასხვა სფეროში. ჩვენი დაფინანსებით საქართველოს მოქალაქეები განათლებას ეუფლებიან 40-ზე მეტი ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. რამდენიმე წლის წინ ასევე დაფუძნდა ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციაც, რომელიც აქტიურად მუშაობს სტიპენდიატების დასაქმების და შემდგომი პროფესიული განვითარების კუთხით.  სწორედ ეს გახლავთ ჩვენი მთავარი შედეგი: ახალგაზრდებში საერთაშორისო განათლებისა და გამოცდილების მიღების ხელშეწყობა, რაც ქვეყნის განვითარებაში ჩადებული მნიშვნელოვანი ინტელექტუალური ინვესტიციაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები