სააგენტო „პიას“ დამფუძნებელი „ალტე უნივერსიტეტის“ სტუდენტებს შეხვდა
„მედია, როგორც ბიზნესი“ – ეს იყო ძირითადი თემა, რაზეც საინფორმაციო სააგენტოს დამფუძნებელმა „ალტე“ უნივერსიტეტის სტუდენტებთან ისაუბრა.
დიმიტრი ტიკარაძემ მომავალ ჟურნალისტებს მედიაორგანიზაციების შემოსავლის წყაროების, სარეკლამო ბაზრის, სფეროს თანამედროვე გამოწვევებისა და მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სხვა პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დამწყებ ჟურნალისტებს თავიდანვე ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია, თუ რით არსებობს მედია, როგორ მუშაობს სარეკლამო ბაზარი, როგორ იქმნება და რა გზას გადის მისი პროდუქტები, სანამ საზოგადოებას ის მზა სახით მიეწოდება.
„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. თანამედროვე, დამწყები ჟურნალისტების, ასევე, ამ სფეროთი დაინტერესებული სტუდენტების უმრავლესობა შესაძლოა, არ დაფიქრებულა იმაზე, რით არსებობს ზოგადად მედია, ხედავენ რეკლამებს ტელევიზიით, პრესით, ონლაინ მედიით, თუმცა, ხშირად არ აქვთ ინფორმაცია, რა განსაზღვრავს მედიის სწორად ფუნქციონირებას.
დღეს სწორედ ამ თემაზე ვისაუბრეთ, რადგან მნიშვნელოვანია, მომავალმა ჟურნალისტებმა იცოდნენ, რაზე დგას დღეს მედია, პროფესია, რომელსაც თქვენ ეუფლებით.
მედია კი, როგორც ბიზნესი, დღესდღეობით საქართველოში, და არამარტო, ძალიან მოთხოვნადი სფეროა და აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები”, – განაცხადა დიმიტრი ტიკარაძემ.
სააგენტო „პიას“ რედაქტორმა სტუდენტებთან შეხვედრაზე ციფრული მარკეტინგის პროდუქტების, ასევე, ციფრული ტექნოლოგიებისა და სერვისების შესახებაც ისაუბრა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე