ბოჭორიშვილი – ე.წ. კონტრაბანდაზე: ამ თემაზე ყოველგვარი ბრალდებები და ხმაური აზიანებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ინტერესებს

საქართველოს ძალიან მტკიცე პოზიციები აქვს უკრაინასთან მიმართებით და ეს პოზიციები ფიქსირდება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირში ვარ საერთაშორისო პარტნიორებთან… ველოდები, რომ ჩვენს ურთიერთობებში არსებული გაუგებრობები მალე იქნება აღმოფხვრილი, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდის გადატანის თაობაზე უკრაინის დაზვერვის განცხადება საქართველოს უსაფრთხოებასა და ინტერესებს აზიანებს.

“ამ თემაზე ყოველგვარი ბრალდებები და ხმაური აზიანებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ინტერესებს. მიზანშეწონილი არ არის, მსგავსი თემებით სპეკულირება და მსგავსი თემების წინ წამოწევა მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება არ არის ბოლომდე უზრუნველყოფილი.

საქართველოს ხელისუფლებას ძალიან კარგად და სწორად განსაზღვრული პოლიტიკა აქვს, რომელსაც აფიქსირებს და მიჰყვება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასა და საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთი, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, დასავლეთის მიერ სანქციათა სიაში შეყვანილი საქონლის, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების ტვირთის კონტრაბანდის არხს აყალიბებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები