დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გენდერული თანასწორობის ახალი სახელმწიფო კონცეფციის თაობაზე იმსჯელა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა იმსჯელა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის” დამტკიცების შესახებ.
პარლამენტის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს განახლებული კონცეფციის დამტკიცებას, რომელიც ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს და ყველა იმ საერთაშორისო ჩარჩო დოკუმენტს, რომლის მონაწილეც არის საქართველო. კონცეფცია მოიცავს ყველა არსებულ მიმართულებას, ეს არის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობა, ეკონომიკური გაძლიერება, შრომითი უფლებები და მათი დაცვა, გენდერული ძალადობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევა, ბავშვთა ქორწინება და სხვა საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრა.
ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების დღის წესრიგი, ადამიანით ვაჭრობა სექსუალური ექსპლუატაცია, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, ხელოვნება და სპორტი, გენდერული მეისტრიმინგი სახელმწიფო პროგრამებში და ზოგადად პოლიტიკაში. თითოეული ეს საკითხი დეტალურადაა ასახული წარმოდგენილ დოკუმენტში.
„ეს არის მულტიპარტიული დოკუმენტი. რომელზეც გვაქვს ფართო თანხმობა, რაც უნიკალურ შემთხვევას წარმოადგენს და ასევე შემუშავებულია ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით, მათ შორის ამ პროცესს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელობით ვაწარმოებდით არასამთავრობო და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით”, – განაცხადა მომხსენებელმა, ნინო წილოსანმა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას. კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტი)” ცვლილების – მე-2 ტრანშის გაუქმების შეტყობინება”.
საკითხი შეეხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ სასესხო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას, რაც სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებული მეორე ტრანშის გაუქმებას ითვალისწინებს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძის განმარტებით, საქართველოს ეროვნული ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მეორე ტრანშის ათვისება- 55 მლნ ევროს ოდენობით, 2024 წელს უნდა დაწყებულიყო.
„ბიუჯეტის განხილვის დროს ჩვენ ვისაუბრეთ, რომ მოგვიწევს ვალების აღების შემცირება. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები სახელმწიფო ელექტროსისტემასთან და მას ამდენი ვალის აღება აღარ დასჭირდება, გარკვეული კაპიტალის დაგროვებას თვითონაც შეძლებს ამ წლების განმავლობაში. რამდენადაც შეთანხმება ჯერ არ არის მოქმედი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული სესხი აღარ ავიღოთ. შესაბამისად 55 მლნ ევროს ტრანში უქმდება და 2024 წლიდან განსახორციელებელი პროექტებისთვის თვითონ ელექტროსისტემა უზრუნველყოფს სახსრების მოზიდვას, ბიუჯეტის გარეშე”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებას.