დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” შესატანი ცვილების პროექტით სამშენებლო სამართალდარღვევის განმხილველი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გაცნობის წესი იცვლება.

კერძოდ, გარდა ფოსტით გაგზავნისა დოკუმენტი გაცნობილად ჩაითვლება სამშენებლო მოედანზე სარეზოლუციო ნაწილის გამოკვრის შემდგომ და ასევე დოკუმენტის ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე განთავსებისთანავე.

აღნიშნული კანონპროექტი კოლეგებს, ერთ-ერთმა ინიციატორმა, მაია ბითაძემ დღეს მეორე მოსმენით გააცნო. „იმ შემთხვევაში, თუ სარეზოლუციო ნაწილის სამშენებლო მოედანზე გამოკვრა და მისი ვებგვერდზე განთავსება ერთმანეთს დროში ასცდება, ათვლა დაიწყება უფრო გვიან გამოქვეყნების ვადიდან. კანონპროექტის მთავარი მიზანია მინიმუმამდე დაიყვანოს გასაჩივრების შედეგად გამოტანილი ჩაუბარებელი რეზოლუციების რაოდენობა, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 30-40 %-ია”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

პროექტის თანახმად, კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 30 დღეში, რათა პირთა ფართო წრეს კანონის შინაარსის გაცნობის საშუალება მიეცეს. კენჭისყრის შედეგად დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს. კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” შესატანი კიდევ ერთი ცვლილების პროექტი განიხილა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივა, რომელიც სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ წარადგინა, ითვალისწინებს სივრცითი დაგეგმარების მიმართულების რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქოლგის ქვეშ გადატანას, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს სახით. მომხსენებლის განმარტებით, ეს ცვლილება ემსახურება აღნიშნული მიმართულების გაძლიერებას. სხდომაზე ალტერნატიული წინადადება წარადგინა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის” წევრმა, თეონა აქუბარდიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ მეტი დაკონკრეტება და განსაზღვრებაა საჭირო სააგენტოს მიერ გაწეული სხვა მომსახურებისა და შესაბამისი მოსაკრებლის სახეებთან დაკავშირებით.
საკითხზე მსჯელობის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ გამოთქმული შენიშვნები პლენარულ სხდომაზე გატანამდე აისახება კანონპროექტში. ამ დათქმით კომიტეტმა მხარი დაუჭირა მეორე მოსმენით განხილულ კანონპროექტს. ალტერნატიულ წინადადებას კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები