5 ივლისის საქმეზე ბრალდებულებს 1 და 1.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის საქმეზე დაკავებულ 7 კაცს პატიმრობა მიუსაჯა.

საქმის მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ბრალდებულებს პატიმრობაში ყოფნა მხოლოდ რამდენიმე თვეს მოუწევთ, რადგან სასჯელის დიდი ნაწილი აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებულმა პატიმრობამ გამოაკლო.

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ბრალდებულების ნაწილს ბრალი შეუცვალა და ძალადობის ორგანიზების მუხლი ძალადობაში გადაუკვალიფიცირა:

ირაკლი წიგნაძე – 1 წელი;
ბაქარი მაისურაძე – 1 წელი;
ნიკოლოზ დადვანი – 1 წელი;
მუხრან დადვანი – 1 წელი;
თორნიკე გაბელიანი – 1 წელი;
ვანო ბურდული – 1 წელი და 6 თვე;
დავით ქოჩიაშვილი – 1 წელი.

დღევანდელი პროცესი “ინტერპრესნიუსის” ფოტოკორესპონდენტისა და “ტვ პირველის” ოპერატორის ეპიზოდს ეხებოდა. ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა მათ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით სულ 27 პირი დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე მუხლით (დევნა), 225-ეს მე-2 ნაწილი (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალდობაში მონაწილეობა) მუხლებით ჰქონდათ წარდგენილი.
დაკავებული 27 პირიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ 27-ვე დამნაშავედ ცნო, 26 პირს სხვადასხვა ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი, ერთ პირს კი 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. საქმეს 56 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის, 47 ჟურნალისტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები