გია ვოლსკი: უკრაინის დაზვერვის სამსახურის მასალები რეალობას არ შეესაბამება – სიმართლე თავის გზას იპოვის

“უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მასალები არ შეესაბამება რეალობას და, აქედან გამომდინარე, უკრაინის ავტორიტეტსაც გარკვეულ ჩრდილს აყენებს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი სახის განცხადებები, რომელსაც საფუძველი არ აქვს, კითხვებს ბადებს.

„არცერთი გეოპოლიტიკური მიზანი არ შეესაბამება იმ ტკივილს, რაც უკრაინელმა ხალხმა განიცადა. რასაკვირველია, ასეთ სიტუაციაში ჩვენი კრიტიკული შეფასებები მხოლოდ საქმიანია და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის რაიმე საპასუხო, ისეთივე ხისტი განცხადებების გაკეთების რაღაც მიზანი და მცდელობა. ასეთი განცხადებები, რომელსაც არათუ საფუძველი არ აქვს, ძალიან ბევრ შეკითხვებს ბადებს. რასაკვირველია, უკრაინასაც გარკვეულ პრობლემებს უქმნის, ვინაიდან მათი შეფასებები, ანალიტიკა, მით უმეტეს, დაზვერვის სამსახურის რაღაც მოკვლევის საფუძველზე გამოქვეყნებული მასალები, არ შეესაბამება რეალობას, აქედან გამომდინარე, უკრაინის ავტორიტეტსაც გარკვეულ ჩრდილს აყენებს. ასე რომ, ჩვენთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ეს რაიმე პოზიტიურ საპასუხო არგუმენტად ჩაითვალოს. ჩვენ უკრაინის ხალხს ვეხმარებით, ყველა პოლიტიკურ დონეზე ჩვენი პოზიცია არის ურყევი და რასაკვირველია, ეს ჰუმანიტარული დახმარება არც არავისთვის დასაყვედრებელი არ არის. ეს უნდა გაგრძელდეს. სიმართლე თავის გზას იპოვის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთი, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, დასავლეთის მიერ სანქციათა სიაში შეყვანილი საქონლის, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების ტვირთის კონტრაბანდის არხს აყალიბებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები