ირაკლი ქადაგიშვილი: ზალკალიანის თანამდებობიდან წასვლა გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ეს პროცესი გადადო
ზალკალიანის ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად დანიშვნა და მისი საგარეო მინისტრის თანამდებობიდან წასვლა გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი, ვიდრე უკრაინაში ომი დაიწყებოდა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჯაროება უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო.
“უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ეს პროცესი გადადო, რადგან როცა დიპლომატია სხვა რეჟიმში მუშაობდა, არ შეიძლებოდა სხვა ნაბიჯის გადადგმა. დავით ზალკალიანის სურვილი იყო, მინისტრის თანამდებობიდან წასულიყო, მაგრამ დიპლომატიაში ყოფილიყო,” – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა და აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ზალკალიანს ილია დარჩიაშვილი ჩაანაცვლებს.