ტურიზმის სექტორი 2021 წლის ქონების გადასახადისგან განთავისუფლებით კმაყოფილია
ტურიზმის სექტორი მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც ტურიზმის სექტორისთვის 2021 წლის ქონების გადასახადის ჩამოწერას გულისხმობს კმაყოფილია. როგორც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე განმარტავს, ეს დიდი შეღავათი იქნება იმ რესტორნებისთვის, რომლებიც საკუთარ შენობა-ნაგებობებს ფლობენ და ასეთი კი 30%-ია.
“ჰორეკას სექტორის ნაწილი ამ შეღავათით მართლაც დიდი შვებას იგრძნობს. ეს არის ისეთი რესტორნები, რომელთაც აქვთ საკუთარი შენობა და შესაბამისად ეს მათთვის ძალიან დიდი შეღავათია. იმ რესტორნებისთვის კი რომელთა ქონება, მხოლოდ და მხოლოდ არის ჭურჭელი ან ტექნიკური მიმართულებები, მათთვის დიდი შეღავათი არ არის. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც პრობლემების ქვეშ არის ბიზნესი ნებისმიერი შეღავათი, ეს იქნება ქონების გადასახადიდან თუ სხვა მიმართულებიდან მისასალმებელია”, აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ოპერატიულად მიიღო დარგისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება 2021 წლის ქონების გადასახადისგან ერთჯერადად გათავისუფლდესმ რომელიც გფავრცელდება:
სასტუმროებსა და განთავსების მსგავს საშუალებებში, ასევე დასასვენებელ და სხვა მოკლევადიან განთავსების საშუალებებში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
რესტორნებსა და საკვებით მობილურ მომსახურებაში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
სასმელებით მომსახურების საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
ტურისტული სააგენტოების, ტურ-ოპერატორების და სხვა დაჯავშნის მომსახურებასა და მათთან დაკავშირებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება.
აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შეღავათი ასევე გავრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზედაც, თუ ეს ქონება რომელიმე აღნიშნულ საქმიანობაში გამოიყენება.