მანჯგალაძე – ზალკალიანზე: ამ ადამიანს მთელი დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო ურთიერთობები ებარა და არ მგონია, ეს დაწინაურება იყოს

დავით ზალკალიანის მუშაობით კმაყოფილი არ ვიყავი, მაგრამ არ მჯერა, რომ ცვლილებები ქვეყნის სუვერენული ინტერესებიდან მომდინარეობს, ცვლილებები ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი შეინარჩუნონ საკუთარი სკამები, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე დავით ზალკალიანის საგარეო საქმეთა მინისტრობიდან გათავისუფლებასა და მის აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშვნას.

მისი თქმით, ხალხს უფრო მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს იმის თაობაზე, თუ რა ამოცანები ჰქონდა დასახული ხელისუფლებას, რა ვერ შეასრულა დავით ზალკალიანმა და რას გააკეთებს განსხვავებულად ახალი მინისტრი.

“დავით ზალკალიანი ამერიკაში ელჩად მიდის, ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ამ ადამიანს მთელი დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო ურთიერთობები ებარა და არ მგონია, ეს დაწინაურება იყოს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა და იგი აშშ-ში საქართველოს ელჩად გააგრძელებს მუშაობას. საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები