ბრიტანეთის საელჩოს ხელმძღვანელმა უკრაინაში, მელინდა სიმონსმა რუსეთის ჯარი დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი გაუპატიურებას როგორც იარაღს ისე იყენებენ. აღნიშნულის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. ეს იყო რეაგირება მას შემდეგ რაც რუსმა ჯარმა უკრაინაში ოკუპირებული რამდენიმე ქალაქი დატოვა.
„გაუპატიურება – ეს ომის იარაღია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით მისი გამოყენების მასშტაბები უკრაინაში, უკვე ცხადია, რომ ეს რუსეთის არსენალის ნაწილი იყო“, – წერს დიპლომატი.
მელინდა სიმონსმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმას, რომ საუბარია ჯარის მიერ ჩადენილი განზრახ დანაშაულზე და არა ცალკეული შემთხვევებზე, რისი დამადასტურებელი ფაქტებიც არსებობს.
„ქალებს აუპატიურებდნენ შვილების თვალწინ, გოგონებს – ოჯახების თვალწინ. ეს იყო განზრახ დამონების აქტი“, – განაცხადა მან.
სიმონსმა ასევე განაცხადა, რომ გაუპატიურება სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიერ იქნება დასჯილი.