ლევან დავითაშვილი – „ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან საქართველოში 3-წლიანი, 289 მილიონი დოლარის მხარდამჭერი პროგრამის შესახებ”
„ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან საქართველოში 3-წლიანი, 289 მილიონი დოლარის მხარდამჭერი პროგრამის შესახებ. პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ის ნამდვილად შეასრულებს პრევენციულ როლს და საშუალებას მოგვცემს, რომ შევინარჩუნოთ, ერთი მხრივ, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მეორე მხრივ, ვიზრუნოთ ეკონომიკურ ზრდაზე”, – განაცხადა დღეს ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენელთა მიერ გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის თქმით, ქვეყანა ახლა გამოდის პანდემიური პერიოდიდან და რეგიონში შეიქმნა ახალი გამოწვევები, რაც, რა თქმა უნდა, ეკონომიკისთვის ახალი შოკებია. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის მინისტრი ხაზს უსვამს საქართველოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდამჭერი პროგრამის მნიშვნელობას. ვიცე-პრემიერის განმარტებით, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასთან ერთად პროგრამა მიზნად ისახავს განვითარებაზე ორიენტირებული რეფორმების განხორციელებას.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპის შევინარჩუნოთ.
უნდა აღინიშნოს – ასეთი ტიპის პროგრამის არსებობა ასევე ძალიან კარგი მესიჯია საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებისთვის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისთვის, ზოგადად დონორებისთვის. ვფიქრობ, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მხარდაჭერა რეფორმების განგრძობადობისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით მკაფიოდ იყოს განცხადებული ჩვენი ხელისუფლების მიერ, როგორც ეს ხდება ხოლმე.
ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გვქონდა ძალიან ღია და კონსტრუქციული, ნაყოფიერი განხილვები, არაერთი შეხვედრა, ჩვენი მხრიდან მოხდა პრიორიტეტების გაცვლა, ვისაუბრეთ ჩვენს მიზნებზე, ჩვენს ნაბიჯებზე თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების კუთხით, რომელიც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხედვასთან”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ვიცეპრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა ძალიან წარმატებული იქნება.
„ეს იქნება ნათელი მაგალითი იქნება გახსნილობის და იმის, თუ როგორი ერთგული ვართ ჩვენ, რომ გავაგრძელოთ ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც საბოლოოდ ქვეყანას ეკონომიკური განვითარების კუთხით თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანს”, – აღნიშნა მან.