კონფლიქტოლოგი ზაზა ცოტნიაშვილი: ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხი, სავარაუდოდ, იმის გამო წამოსწია, რომ ე.წ. არჩევნებში წარმატებას მიაღწიოს
კონფლიქტოლოგის, ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, ზაზა ცოტნიაშვილის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხი თავიდან, სავარაუდოდ, იმის გამო წამოსწია, რომ 10 აპრილს დაგეგმილ ე.წ. არჩევნებში წარმატებას მიაღწიოს. ამის შესახებ ცოტნიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კონფლიქტოლოგი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა მისი ისტორიული სამშობლოს – რუსეთის ნაწილი იქნება“. ბიბილოვის თქმით, ამისთვის სამართლებრივ ნაბიჯებს უახლოეს მომავალში გადადგამენ.
„რუსეთთან ინტეგრაციის საკითხზე განცხადება ერთხელ წინა ე.წ. პრეზიდენტმა, თიბილოვმაც გააკეთა. ამან ცხინვალის რეგიონშიც და რუსულ წრეებშიც მაშინვე პოპულარობა მოიპოვა. ეს თავიდან ბოლომდე რუსულ ინტერესშია.
ვაკვირდებოდით ე.წ. წინასაარჩევნო კამპანიას. 10 აპრილს ე.წ პრეზიდენტის არჩევნებია დანიშნული და ბიბილოვს საკმაოდ სერიოზული ოპოზიციური განწყობები შეხვდა.
ზუსტი ვერსიის თქმა ძნელია, სავარაუდოდ, ერთ -ერთი ვერსია ის უნდა იყოს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა და მისმა საარჩევნო წრემ იმუშავეს იმაზე, რომ როგორმე ყურადღება გადაეტანათ ოპოზიციური შემოტევიდან, რომელიც საკმაოდ მძლავრი ჰქონდათ და იმის გამო, რომ 10 აპრილს, ე.წ. არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ, ე.წ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი თავიდან წამოსწიეს.
ამას, რა თქმა უნდა, რუსული წრეებიდან გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებით, დუმას დეპუტატები გამოირჩევიან და აღნიშნულს მიესალმებიან. მაგრამ ერთი საინტერესო მომენტია ის, რომ კრემლის ოფიციალური პოზიცია ცალსახად არ ვიცით. ერთადერთი, რაც ამ პოზიციასთან დაგვაახლოებდა, პესკოვის განცხადებაა, რომელმაც თქვა, თუ ოსი ხალხი ფიქრობს, რომ რეფერენდუმი უნდა ჩაატარონ, ჩვენ ამ რეფერენდუმის შედეგებს გავეცნობით და ამ ხალხის არჩევანს მივესალმებითო. მაგრამ ცალსახა პოზიცია შეერთებასთან დაკავშირებულ პროცედურებზე ოფიციალურ კრემლს არ გაუკეთებია. უფრო სავარაუდოა, რომ ეს ქვემოდან წამოსული ინიციატივა უნდა იყოს. ეს სავარაუდოდ, რადგან ზუსტად რამის თქმა, ძალიან რთულია.
აფხაზეთი ცალსახად ამბობს, რომ მას დამოუკიდებლობა უნდა და რუსეთთან შეერთება იურიდიულად არ სურს. ე.წ. კონსტიტუციური ჩანაწერი აქვთ, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის დაკარგვის საკითხი არ განიხილება., ახლაც, ბიბილოვის განცხადების ფონზე, მათმა არაერთმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთთან შეერთებას არ აპირებენ. ასე რომ, აქ ერთიან სცენარზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ გავიხსენოთ, რომ მარგარიტა სიმონიანი ახლახან სოხუმს სტუმრობდა, მოგეხსენებათ, ის რუსული პროპაგანდის დედა და კრემლის აზრის გაჟღერების თვალსაზრისით პუტინის მთავარი წარმომადგენელია, მისი განცხადება იყო, რომ სოხუმი შესანიშნავი ადგილია, ტურიზმი უნდა განვითარდეს და რუსეთის მოსახლეობას უნდა მოუწოდონ, რომ იქ ჩავიდნენ და დაისვენონ“, – განაცხადა ზაზა ცოტნიაშვილმა.
მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმი რომც ჩატარდეს, ის ლეგიტიმური არ იქნება.
„ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მივიჩნევთ, რომ ეს სრულიად გაუმართლებელი ნაბიჯია, საერთაშორისო სამართლის ფეხქვეშ გათელვაა. ეს რუსეთისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ნახეთ, როგორი სიტუაციაა: ნებისმიერი რეფერენდუმი, რომც ჩატარდეს, ლეგიტიმური არ იქნება. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ნორმალური საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნება, რადგან ეს ოკუპაციის პირობებში ხდება, იქ არ ცხოვრობს ადგილობრივი მოსახლეობა, გამოდევნილია, მათ არ შეუძლიათ, ამ ხალხის აზრი დააფიქსირონ. ვფიქრობ, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კანონზომიერია, ისინი გმობენ, თუ ასეთი რეფერენდუმი ჩატარდება. წუხელ ამერიკულმა მხარემ ამის შესახებ განცხადება გააკეთა, ისინი არანაირ ფორმას არ აღიარებენ, ეს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება“, – განაცხადა ცოტნიაშვილმა.
კონფლიქტოლოგის თქმით, ცხინვალის რეგიონის პრობლემა საკმაოდ ღრმა ფესვების მატარებელია.
„პრობლემა საიდან მოდის, ამის შეხსენება ჩვენი საზოგადოებისთვის ცუდი არ იქნება, რათა უფრო რეალურად დავინახოთ, რასთან გვაქვს საქმე. ცხინვალის რეგიონის პრობლემა საკმაოდ ღრმა ფესვების მატარებელია.
სერიოზული ჰიბრიდული ომია, სადაც საინფორმაციო ომი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ რეალურ ისტორიას თვალს გადავავლებთ, რასაც ისტორიოგრაფია გვასწავლის, არის ის, რომ ოსების ჩრდილოეთ კავკასიიდან სამხრეთ კავკასიაში უფრო ინტენსიურად გადმოსვლა მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულისთვის შეინიშნება. „სახრეთელი ოსი“ – ასეთი ტერმინი ქართულ პრესაში მეცხრამეტე საუკუნეში გაჩნდა. მათ თავის პოზიციები დღევანდელი ჯავის რაიონში, საქართველოს ჩრდილოეთით, სამხრეთ კავკასიის კალთებზე დააკავეს. ოსებისთვის საქართველოში ცხოვრება საკმაოდ კომფორტული იყო. ადგილობრივ თავადაზნაურობასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ იმიტომ, რომ ისინი, ძირითადად, მუშა ხელს წარმოადგენდნენ. საქართველოში თავს კარგად გრძნობდნენ. ამის შემდეგ ოსების ჩამოსახლება კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. სურათი რომ ნათელი იყოს, მინდა, გავიხსენო, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ქალაქ ცხინვალში მხოლოდ ერთადერთი ოსური ოჯახი ცხოვრობდა, ძირითადად, იქ ქართველები, სომხები და ებრაელები ცხოვრობდნენ, კავკასიონის გასაყართან სავაჭრო დანიშნულების ქალაქი იყო.
ქართულ- ოსური კონფლიქტის პირველი ჩანასახები დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში არსებობს, როდესაც 1918-1920 წლებში მაშინდელი რუსული ბოლშევიზმის მხრიდან ოსური სეპარატიზმი წახალისდა, რათა მათ საქართველოზე თავისი გავლენა გაევრცელებინათ. სამწუხაროდ, 1921 წლის თებერვალში რუსული ოკუპაცია მოხდა და 1922 წლის 22 აპრილს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა. ეს ამ რეგიონის მოკლე ისტორიული მიმოხილვაა.
რუსული ინტერესებიდან გამომდინარე, პირველი სერიოზული ნაღმი აქედან ჩაიდო. რა თქმა უნდა, როდესაც ეს რუსეთს დასჭირდებოდა, მაშინ უნდა აეფეთქებინა. ამ პროცესში ვართ 1922 წლიდან, როდესაც ცხინვალში ოსური ეთნიკური ჯგუფების ხელოვნურად ჩამოსახლება და მათი წახალისება ხდება. ქართული მოსახლეობის გარკვეული დისკრიმინაცია საგრძნობი 60-იანი წლების შემდგომ გახდა. ოსური ეთნიკური პრიორიტეტი გამოიკვეთა. ამის შემდეგ საბჭოთა კავშირის დაშლის პირობებში, საქართველოში საკმაოდ მძლავრი ეროვნული მოძრაობა ჩამოყალიბდა, რასაც რუსული სპეცსამსახურების მიერ წაქეზებული ოსური სეპარატისტული ორგანიზაციების და საზოგადოებების შექმნა მოჰყვა. დაძაბულობა შეიარაღებულ კონფლიქტში გადავიდა. პირველი რაც მახსენდება: 1989 წლის 23 ნოემბერია, როდესაც ქართულმა მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ ცხინვალში მიტინგი ჩაეტარებინა და მაშინ რუსული ჯარი ამ მიტინგს გადაუდგა, ქართული მოსახლეობა ცხინვალში არ შეუშვა. ოსურ და ქართულ ინტერესებს შორის დიდი კონფრონტაცია იყო. მოსკოვმა ის შედეგი მიიღო, რაც რეგიონში სჭირდებოდა – დაძაბულობა. საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას პრობლემები შეუქმნა. ამის შემდგომ მოვლენები ისე საბედისწეროდ განვითარდა, როგორც განვითარდა. შეიარაღებულ კონფლიქტში შევედით, სისხლისღვრა იყო. ამ პერიოდში კონფლიქტის მოსკოვიდან მართვა ხდებოდა, იყო როგორც ქართული, ისე ოსური მხარის წაქეზებები. მე უშუალოდ ამ პროცესებში ჩართულობა მიწევდა და კარგად მახსოვს, ჩემ თვალწინ გაიარა ამ ყველაფერმა.
რეალურად, რუსეთისთვის ცხინვალის რეგიონიც დ აფხაზეთიც საინტერესოა, როგორც სამხედრო ბაზა. ფორმალური სახელი, ის, რომ რეგიონს დამოუკიდებლობა შეიძლება, ჰქონდეს, რა თქმა უნდა, როგორც ოსური მოსახლეობის, ისე მთელი მსოფლიოს მოტყებაა“, – განაცხადა ზაზა ცოტნიაშვილმა.
შეგახსენებთ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ცხინვალი მოსკოვთან ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე კონსულტაციებს მართავს.
“რაც მთავარია, რუს კოლეგებთან კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. სამართლებრივი ქმედებები უნდა იყოს დაფუძნებული საერთაშორისო კანონმდებლობაზე, ამის საფუძველი არსებობს. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და შეუძლია მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – განაცხადა მან “რასია 24-ის“ ეთერში. ბიბილოვის თქმით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ნაბიჯი ეფუძნება „ხალხის დიდ სურვილს, დაბრუნდეს რუსეთში“.
საქართველოს ვიცეპრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება.
„რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული, ოკუპაციას აქვს არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებაც. ეს სამართლებრივი შეფასება გახლავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარეობს ოკუპაცია, შესაბამისად, ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა და არ ექნება მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე არის განდევნილი საკუთარი სახლებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად და მათ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
თამუნა შეყილაძე
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge