საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოდან ელჩის გაწვევის მიზეზი დოლგოვის მუშაობით უკრაინის პრეზიდენტის უკმაყოფილება იყო.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმ ვითარების მიუხედავად, რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ელჩის გარშემოა შექმნილი, საქართველოს ხელისუფლება უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას ისევ გააგრძელებს, რასაც აქამდე აკეთებდა.
„ჩვენი ქვეყნებისა და ხალხის დამოკიდებულებაში არაფერი იცვლება. საქართველომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარი ძალიან მკაფიოდ, მყარად და ინიციატივიანად დაუჭირა და რუსული აგრესია ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე დაგმო. საქართველო მიერთებულია სანქციების ყველაზე მნიშვნელოვან – ფინანსური სანქციების ნაწილზე. საქართველო ისეთ სანქციებს ვერ დააწესებს, რომელიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას მოემსახურებოდა და ეს რუსეთის ფედერაციაზე არანაირად არ აისახებოდა. საქართველო იარაღს ვერავის მიაწოდებს, რადგან ასეთი იარაღი მას თავად არ გააჩნია და, მეორე მხრივ, იარაღის მიწოდება სულ სხვა მდგომარეობაა. ვხედავთ, ნატო და აშშ როგორ შერჩევითად ახორციელებენ ამას. უკრაინის ხელისუფლების მკაცრი უკმაყოფილება არის გამოხატული ამერიკისა და ნატო-ს მიმართ, რომ ცა არ იკეტება და უფრო მნიშვნელოვანი შეიარაღება არ ეძლევა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაროკოსა და საქართველოდან ელჩების გაწვევის ბრძანებას ხელი მოაწერა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge