“დროა, მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღოს” – ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს სიტყვით მიმართა

სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დაიწყო, რომელიც, სავარაუდოდ, ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

შეხვედრის დაწყების წინ, დელეგაციების წევრებს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა მიმართა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები მთელი მსოფლიოსთვის იმედისმომცემია.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ომში გამარჯვებულები არ არიან და რომ დროა, მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღოს.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თურქეთსა და ჩვენს სტამბოლში. მოხარულნი ვართ, გიმასპინძლოთ ასეთ კრიტიკულ დროს. თქვენი ქვეყნების სახელით, თქვენ დიდი ძალისხმევა გასწიეთ. როგორც თქვენს მეგობრებს და მეზობლებს ჩვენ ეს კონფლიქტი ძალიან გვთრგუნავს. კრიზისის დაწყებიდან ჩვენ ყველა დონეზე გულწრფელი ძალისხმევა გავწიეთ და ვცდილობდით მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და კანონების მოთხოვნების შესრულებას. ჩვენ ვაჩვენეთ სამართლიანი მიდგომა, რომელიც იცავს და პატივს სცემს ორივე მხარის უფლებებს ყველა პლატფორმაზე, სადაც ჩვენ ხმის უფლებით ვსარგებლობთ.

მოლაპარაკებები იმედისმიმცემი აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის. კონფლიქტის გახანგრძლივება მომგებიანი არავისთვის არ არის. ომს გამარჯვებულები არ ჰყავს. დროა, მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღოს. თურქეთს ეს გულწრფელად სურს და მზად ვართ, ამაში დაგეხმაროთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები