თეა წულუკიანი კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს შეხვდა 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან, კახა სიხარულიძესთან ერთად სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე, გოგი გეგეჭკორი, შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შალუტაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული თეატრის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს. კულტურის მინისტრი თითოეული სამხატვრო ხელმძღვანელისგან პირადად გაეცნო მის თეატრში არსებულ პრობლემებს და მოცემული პრობლემების გადაჭრაზე იმსჯელა, მათ შორის სამინისტროს მხარდაჭერით. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა, არის თეატრების საკუთარი შემოსავლების განაწილება მათივე საჭიროებებზე და შემოსავლების პოტენციური წყაროების გაჩენა იმ მიზნით, რომ თეატრი არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფოზე და შემოქმედებითად განვითარება შეძლოს.

ასევე, შეხვედრაზე კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად მსჯელობა გაიმართა უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების რეფორმაზე, რათა სასწავლებლებმა გამოუშვან ისეთი პროფესიების კადრები და იმ რაოდენობის, რაც ქართულ ბაზარს სჭირდება.

თელავში ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად დაესწრო სიპ თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ სპექტაკლს „როცა ძალიან მოგენატრები“ და თეატრის დასს შეხვდა.

ერთმოქმედებიანი დრამა „როცა ძალიან მოგენატრები“ თელავის თეატრისა და თავისუფალი თეატრის ერთობლივი სპექტაკლია, რომელიც რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა დადგა მწერლისა და დრამატურგის ირაკლი სამსონაძის მიერ სპეციალურად თელავის თეატრისთვის დაწერილი პიესის მიხედვით.

სპექტაკლში მონაწილეობენ თელავის თეატრის მსახიობი ვანო იანტბელიძე და თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი პაატა გულიაშვილი. მხატვარი – მირიან შველიძე. მუსიკალური გაფორმება – ავთანდილ ვარსიმაშვილი.

პიესაში გადმოცემულია მამა-შვილის ურთიერთობა მძიმე სოციალური და ეკონომიური პრობლემების ფონზე. სპექტაკლი სევდიანი ფსიქოლოგიური კომედიაა, თუმცა სრულდება ოპტიმისტურად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები