შსს: ატლანტიკური საბჭოს ანგარიში მრავალ ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ უსაფრთხოების სექტორის შესახებ ანგარიში მრავალ ფაქტობრივ უზუსტობასა და ფაქტების არაადეკვატურ შეფასებას შეიცავს, – ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს ატლანტიკური საბჭოს” მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც შსს-ს ფუნქციები და პასუხისმგებლობები ერთი ორგანოს კომპეტენციის ფარგლებს სცდება.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ანგარიში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი შეფასებისთვის გადაეგზავნა.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვრცელი დოკუმენტი მოამზადა, სადაც არსებული უზუსტობებისა და წარმოდგენილი შეფასებების საწინააღმდეგო არგუმენტები მიუთითა, თუმცა ატლანტიკური საბჭოს ანგარიში უცვლელი დარჩა და კვლავ შეიცავს საზოგადოების შეცდომაში შემყვან ინფორმაციას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ შსს-ს კომპეტენცია სცდება ერთი ორგანოს კომპეტენციის ფარგლებს, როგორიცაა საზოგადოების უსაფრთხოება, საზღვრის მართვა, კონტრდაზვერვა და კრიზისული სიტუაციების მართვა. თუმცა, ამ მხრივ, არაერთი ევროპული ქვეყნის მაგალითის მოყვანა შეიძლება, სადაც აღნიშნული ფუნქციები ერთი უწყების ფარგლებშია გაერთიანებული, მათ შორის, კი დიდი ბრიტანეთის ჰომე ოფფიცე, რომელიც აერთიანებს 27 უწყებას, როგორც პოლიციურ, ისე უშიშროების ორგანოებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს შეფასებით, თითქმის საერთოდ არ არსებობს სტრატეგიული დონის დოკუმენტები, გრძელვადიანი გეგმები და პროგრამები. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ შსს-ში გატარებულ ერთ-ერთ პირველ რეფორმას სწორედ ინსტიტუციური დაგეგმვის სისტემის დამკვიდრება წარმოადგენდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 2013 წლის განვითარების სტრატეგია, რომელიც სამინისტროს მიერ შემუშავებული პირველი სტრატეგიული დოკუმენტი იყო. სტრატეგია შემუშავდა შსს-ს უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, დეტალურადაა გაწერილი არსებული მდგომარეობა, გამოწვევები, სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, გასატარებელი ღონისძიებები. სტრატეგიის შესაბამისად შსს-ს სისტემაში არსებული უწყებები ადგენენ შესრულებული ღონისძიებების ანგარიშს, რაც აისახება შსს-ს წლიურ ანგარიშში. შსს-მ 2014 წელს ასევე კვლავ შეიმუშავა განვითარების სტრატეგია. გარდა ამისა, შსს-ში მიმდინარეობს გრძელვადიანი დაგეგმარების პროცესი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას გამჭვირვალობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების დანერგვა წარმოადგენს. გამჭვრივალობის პრინციპის მნიშვნელობას ხაზს უსვამს “პოლიციის შესახებ” ახალი კანონიც. შსს აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან. მისი ინიციატივით არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ექსპერტები ჩართულნი არიან მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები