გრიგოლ ვაშაძე: გაცილებით მეტი ვიცი, სამწუხაროა, თქვენ რომ არ იცით ეს და ვერ გამიგია, კიდევ უფრო სწორი ნაბიჯების ავტორები რატომ არიან ჩუმად
“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე მთავრობის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და დადებითად შეაფასა.
“რადას სპიკერი რომ მადლობას გიხდის და ბოკერია-უგულავა შენით უკმაყოფილოები არიან, ე.ი. ძალიან სწორად ცხოვრობ. ჩემთვის სულერთია, როდესაც სწორი ნაბიჯი გადადგმულია – ვისზე უნდა ვთქვათ, რომ სწორად გაკეთებულია. ჩამოგითვალოთ?!
1. უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია გაერო-შია.
2. ევროპის საბჭოდან რუსეთის გარიცხვისთვის ხმა მიცემულია.
3. კოსპონსორობა დიდ ბრიტანეთთან ერთად იმ სარჩელისა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ 32-მა სახელმწიფომ, ცივილიზებულმა, დემოკრატიულმა შეიტანა საერთაშორისო სასამართლოში და კიდევ არის სამი რამ, რომელიც ვიცი, მაგრამ ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ამის დრო არ არის.
ვინც ვერ გაიგო, ვერ გაიგო, ვერაფერს ვერ ვუშველი. სილამაზის კონკურსში არ ვმონაწილეობ, ყველას რომ მოვწონდე. ის, რაც მომეწონა, ვერავინ შემედავება. გაცილებით მეტი ვიცი, სამწუხაროა თქვენ არ იცით ეს. ვერ გამიგია, ამ კიდევ უფრო სწორი ნაბიჯების ავტორები რატომ არიან ჩუმად”, – განაცხადა ვაშაძემ.