სტოლტენბერგი: უნდა გავზარდოთ მხარდაჭერა პარტნიორების, მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას მიმართ
ნატო-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მოკავშირეებმა საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას მიმართ მხარდაჭერა უნდა გააძლიერონ. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ აუცილებელია გაიზარდოს იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის მხრიდან ჩარევისა და მუქარის საფრთხის ქვეშ არიან.
“მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უნდა გავზარდოთ მხარდაჭერა ყველა პარტნიორის მიმართ, რომლებიც, რუსეთის ჩარევის გამო, რისკის ქვეშ არიან, მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას მიმართ. ჩვენ, ევროკავშირთან ერთად, მათ უნდა დავეხმაროთ სუვერენიტეტის დაცვასა და მდგრადობის გაძლიერებაში”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.