ნატო აღმოსავლეთში თავდაცვას აძლიერებს – ალიანსის სამიტი დასრულდა
ნატოს სამიტი ბრიუსელში დასრულდა. დასავლეთის სამხედრო ალიანსის ლიდერები შეთანხმდნენ, გააძლიერონ ნატოს თავდაცვა აღმოსავლეთში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ.
„ჩვენ გავააქტიურეთ ნატოს თავდაცვის გეგმები, განვათავსეთ ნატოს საპასუხო ძალების ელემენტები და განვათავსეთ 40 000 ჯარისკაცი ჩვენს აღმოსავლეთ ფლანგზე. ჩვენ ვზრდით ჩვენი საზოგადოებისა და ინფრასტრუქტურულ მზაობას რუსეთის მავნე გავლენის წინააღმდეგ, მათ შორის კიბერ უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – აღნიშნულია მათ ერთობლივ განცხადებაში.
ალიანსის ხელმძღვანელმა იენს სტოლტენბერგმა ადრე განაცხადა, რომ ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფი გაიგზავნება სლოვაკეთში, უნგრეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში.
ამასთან, ლიდერებმა შეაქეს უკრაინელი ხალხი, რომელმაც, მათი თქმით, „მსოფლიო შთააგონა რუსეთის სასტიკი ომის გმირული წინააღმდეგობით“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ნატო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ომი და გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინიდან“. ბელარუსს კი მეზობელი სახელმწიფოს აგრესიაში თანამონაწილეობის დასრულებისკენ მოუწოდებს.