შალვა პაპუაშვილი: თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს გიდასტურებთ საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერას და თანადგომას
„ხილული თუ უხილავი საფრთხეების ფონზე, დიდ იმედებს ვამყარებთ თავდაცვის ძალებზე, რომელიც ხალხს და საზოგადოებას ყოველთვის აძლევდა პატრიოტიზმის, გმირობის, ღირსების და ჰუმანურობის მაგალითებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატო-საქართველოს 2022 წლის სწავლებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, თავდაცვის ძალები წინა ხაზზე ღირსეულად იდგა 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს ბომბავდა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ ჯანდაცვისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად, უსაფრთხოების და წესრიგის უზრუნველყოფა კვლავ თავდაცვის ძალებმა იტვირთეს გლობალური პანდემიის დროსაც.
„2008 წელს, მაშინ როდესაც რუსეთი საქართველოს ქალაქებს, სოფლებს, აეროპორტებს, მშვიდობიან მოსახლეობას, ჩვენს იმედებსა და ევროპულ მომავალს ბომბავდა, თავდაცვის ძალები ბრძოლის წინა ხაზზე ღირსეულად იდგა.
2020 წელს, როდესაც მსოფლიო პანდემია ჩვენს ქვეყანასა და ოჯახებს მძიმე განსაცდელად მოევლინა, ჯანდაცვისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად, კვლავ თავდაცვის ძალებმა იტვირთეს უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა.
ხილული თუ უხილავი საფრთხეების ფონზე, დიდ იმედებს ვამყარებთ თავდაცვის ძალებზე, რომელიც ხალხს და საზოგადოებას ყოველთვის აძლევდა პატრიოტიზმის, გმირობის, ღირსების და ჰუმანურობის მაგალითებს, დღეს კი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პროგრესულ ძალას წარმოადგენს. თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს გიდასტურებთ საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერას და თანადგომას.
მადლიერები ვართ სწავლების მასპინძლობის შესაძლებლობისთვის და მზად ვართ, გავაგრძელოთ რეფორმების განხორციელება და ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და მთელ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.