თამარ კორძაია: ძალოვან უწყებებს პერსონალურ მონაცემებზე შეუზღუდავი წვდომა არ ექნებათ
დეპუტატ თამარ კორძაიას განმარტებით, თუ 2014 წლის 1 ნოემბრამდე განსაზღვრული არ იქნება, ვის ხელში უნდა იყოს ფარულ მოსმენებზე წვდომის გასაღები, ის ავტომატურად მობილურ ოპერატორებზე გადადის. მისივე თქმით, ამის შესახებ კანონპროექტში ცალსახად და მკაფიოდ წერია.
“კანონპროექტში ცალსახად და მკაფიოდ წერია, რომ 2014 წლის 1 ნოემბრამდე უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება, საბოლოოდ ვის ხელში იქნება “გასაღები”. თუკი ეს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა, მოქმედი კანონის გარდამავალი დებულებები ძალას რომ დაკარგავენ, “გასაღები” მობილური ოპერატორების ხელში იქნება. კანონმა განსაზღვრა პრიორიტეტად ის, რომ ძალოვან უწყებებს არავითარ შემთხვევაში შეუზღუდავი წვდომა არ ექნებათ პერსონალურ მონაცემებთან”, – განაცხადა კორძაიამ.
ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი რიგგარეშე სესიაზე დღეს მეორე მოსმენით გადის. კვლავ ღიად რჩება ნორმა, რომლითაც უნდა განისაზღვროს, მომავალში, პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ისევ ძალოვან უწყებებს ექნებათ, თუ მობილურ კომპანიებს.