ანა ნაცვლიშვილი: ნეიტრალიტეტის საპასუხოდ გავიხსენებდი ქართულ ხალხურ ზღაპარს “ჩიტი ჩიორაზე”, ხალხური სიბრძნე ამგვარ სიტუაციებზე საუკუნეების წინ სწორ ანალიზს აკეთებდა

“ნეიტრალიტეტის საპასუხოდ გავიხსენებდი ქართულ ხალხურ ზღაპარს “ჩიტი ჩიორაზე”. ხალხური სიბრძნე ამგვარ სიტუაციებზე საუკუნეების წინ სწორ ანალიზს აკეთებდა”, – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნეიტრალიტეტის საკითხი გულისხმობს იმას, რომ საქართველოს უარი ათქმევინონ სუვერენიტეტზე.

„პრობლემა არის ის, რომ პრორუსული ინტერესების გამტარი ძალები საქართველოში საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას, რომელიც შეცდომაში შემყვანია. ნეიტრალიტეტს აწვდიან, როგორც გარანტს სიმშვიდისა. ნეიტრალიტეტის საპასუხოდ გავიხსენებდი ქართულ ხალხურ ზღაპარს, რათა მოქალაქეებისთვის გასაგები გახდეს, რა ფანდია ნეიტრალიტეტის თემის შემოტანა. გახსოვთ, “ჩიტი ჩიორას” ზღაპარი, რომელსაც მიადგა მელია და უთხრა, აბა, ერთი ბარტყი გადმომიგდეო, მერე მეორე გამოსტყუა, მერე მესამე, ხალხური სიბრძნე ამგვარ სიტუაციებზე საუკუნეების წინ სწორ ანალიზს აკეთებდა, რომ აქ საჭიროა მონადირის ჩარევა, რადგან მელია, რომელიც აშანტაჟებს და ემუქრება დედა ჩიტს, ასე გამოსძალავს ყველა ბარტყს. ეს არის ყველაზე მარტივი ქართული ხალხური სიბრძნე. პირველად არ დგას ქართული სახელმწიფო ამ ტიპის გამოწვევების წინაშე, ჩვენი ისტორია არის მუდმივი ბრძოლის ისტორია, სახელმწიფოებთან, რომლებსაც საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გულზე ეკალივით ჰქონდათ დარჭობილი და ეს არის ლოგიკა, რომ ჯერ ერთს მოგთხოვს, მერე კიდე მეორეს და ბოლოს თავიდან ბოლომდე გადაგსანსლავს, თუ არ გექნება შენი თავდაცვითი პოზიცია. ნეიტრალიტეტის საკითხი სინამდვილეში გულისხმობს იმას, რომ საქართველოს უარი ათქმევინონ სუვერენიტეტზე, შენ კი არ წყვეტდე, რა გინდა და სად გინდა, იყო საგარეო ასპარეზზე, ამის უკან იმალება ის, რომ უარი უნდა თქვა სუვერენიტეტზე”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები