წულუკიანი – ვაშაძის განცხადებაზე: მისასალმებელია და იმედი გვაქვს, რომ ეს არ არის დროებითი მოცემულობა, რადგან სამშობლო არ არის დროებითი
ბატონ გრიგოლ ვაშაძის განცხადებებს ჩვენ ვისმენთ, როგორც ოპოზიციის ყველა წარმომადგენლისა და, მით უმეტეს, ლიდერის განცხადებებს. რასაკვირველია, ეს განცხადებები მისასალმებელია, – ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ოპოზიციონერი დეპუტატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას.
მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა შეინარჩუნოს.
„ვაშაძის განცხადებები მისასალმებელია. უბრალოდ, იმედი გვაქვს, რომ ეს არ არის დროებითი მოცემულობა, რადგან სამშობლო არ არის დროებითი და ის არის მუდმივი. შესაბამისად, ჩვენ, ყველა – მთავრობა და ხელისუფლების სხვა შტოს წარმომადგენლები ვხელმძღვანელობთ სწორედ სამშობლოს ინტერესებიდან და ვატარებთ იმ ეროვნულ პოლიტიკას, რომელიც იცავს ქართველი ხალხის ინტერესებს, პირველ ყოვლისა, ახალი თაობების. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა, რაც, მინდა გითხრათ, რომ არ არის ადვილი, მაგრამ ჩვენ ამას ვახერხებთ“, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ „ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება“.